ჯუნიორ NBA-GBF “ბ” ლიგის გათამაშება დაძაბული და საინტერესო ფინალით დასრულდა

0
8

ჯუნიორ NBA-GBF  “ბ” ლიგის გათამაშება დასრულდა. საქართველოს ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო ღონისძიების ნაწილი, რომელშიც 30 გუნდი მონაწილეობდა და ამერიკის პროფესიული საკალათბურთო ლიგის ანალოგიური ფორმატით ჩატარდა, დაძაბული და საინტერესო ფინალით დამთავრდა. საკალათბურთო გუნდმა ლოს ანჯელეს კლიპერსმა (“მეგა”), რომელსაც ახალგაზრდა მწვრთნელი, ნიკა ხუციშვილი ხელმძღვანელობს, დრამატულ ფინალში 22:21 დაამარცხა ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილი  დეტროიტ პისტონსი (“მაკაბი”) და ჯუნიორ  NBA-GBF “ბ” ლიგის გამარჯვებული გახდა.

ჯუნიორ NBA-GBF-ის “ა” ლიგის ოთხთა ფინალი დღეს გაიმართება.  ორი აბსოლუტურად ერთნაირი ლიგის ჩატარება 2 წლის წინ გადაწყდა, რაც ამ ღონისძიებისადმი და ზოგადად კალათბურთისადმი ქვეყანაში გაზრდილმა მოთხოვნილებამ განაპირობა. 2016 წელს რომ დაიწყო, 2 სეზონი ჯუნიორ NBA-GBF ლიგა იმართებოდა, შემდეგ კი, როცა მონაწილეობის მსურველი გუნდების რიხვი 100-ს ასცდა, “ბ” ლიგის ჩატარება და ამ გზით გუნდების 30-დან 60-ამდე გაზრდა გადაწყდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია აღნიშნულ ღონისძიებას ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან (NBA) და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს. 

მიუხედავად პანდემიის გამოწვევებისა, ჯუნიორ NBA-GBF ლიგა ტრადიციული, ნბა-ს ფორმატითა და სრული კალენდრით ჩატარდა, რაც 10-12 წლის ბავშვებისთვის ემოციური,  სახალისო, აზარტული და დაუვიწყარი გამოდგა.

“ბ” ლიგის დივიზიონებში გამართული 100 მატჩის შემდეგ პლეი ოფში გასულმა 16-მა გუნდმა საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა ოლიმპიური სისტემით გააგრძელა. “ა” ლიგისგან განსხვავებით ჯუნიორ NBA-GBF-ის “ბ” ლიგაში ძირითადად თბილისური გუნდები იყვნენ და თამაშებიც დედაქალაქში არსებულ ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა.

სინტერესო ორთაბრძოლების შემდეგ ოთხთა ფინალში ზემოთხსენებული ლოს ანჯელეს კლიპერსი (“მეგა”),   დეტროიტ პისტონსი (“მაკაბი”),  მაიამი ჰითი (“თბილისი ბასკეტი”)  და დენვერ  ნაგეთსი (ქუთაისის “პროგრესი”)  გავიდნენ.

ნახევარფინალში მაკაბელებმა უდაძაბულეს ბრძოლაში  32:27 დაამარცხეს თბილისი ბასკეტელები, ხოლო “მეგამ” დამაჯერებლად სძლია “პროგრესს”. ნახევარფინალის წამგებ გუნდებს შორის მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც თბილისი ბასკეტელებმა ქუთაისურ “პროგრესს” შანსი არ დაუტოვეს. სატიტულო შეხვედრა ფინალის შესაფერისი, ძალიან დაძაბული გამოდგა. “მეგამ”, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე აგებდა, ბოლო წუთზე მოახერხა დაწინაურება და საბოლოოდ 1 ქულით – 22:21 იმარჯვა.

გამარჯვებულთა ზღვა ემოციების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის  ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. 

IV  ადგილი

2021 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის  მეოთხე ადგილის მფლობელი გახდა დენვერ ნაგეთსი („პროგრესი“) როიც დააჯილდოვა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი – ანატოლი ბოისამ.

III ადგილი

მესამე ადგილის მფლობელი გახდა მაიამი ჰითი („თბილისი ბასკეტი“), რომელიც მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა გივიკო ბაქრაძემ და ანატოლი ბოისამ.

II ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს  ბ ლიგის მეორეადგილოსანი გუნდს, რომელიც  დეტროიტ პისტონსი („მაკაბი“) გახდა, ვერცხლის მედლები და სიგელები გადასცეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა – ბექა ბურჯანაძემ და მიხეილ ბერიშვილმა.

ადგილი

2021 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის ჩემპიონი გუნდი გახდა ლოს ანჯელეს კლიპერსი („მეგა“), რომელსაც ნბა-ს მსგავსად გადაეცა საჩემპიონო ბეჭდები. პატარა ჩემპიონები ბეჭდებითა და სიგელებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ დააჯილდოვეს.

8 საუკეთესო მოთამაშე

ტრადიციულად, გამოვლინდა 2021 წლის ჯუნიორ ნბა-ს ბ ლიგის  8 საუკეთესო მოთამაშე. რომლებსაც ეროვნული ნაკრების მაისურები გადასცეს  საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა – ბექა ბურჯანაძემ, მიხეილ ბერიშვილმა, გივი ბაქრაძემ და ანატოლი ბოისამ.

ანდრეა ნერგაძე და გაბრიელ ბალანჩივაძე  – დეტროიტ პისტონსი  (მაკაბი)

ლუკა ფოჩხუა და სანდრო გურასპაული  – მაიამი ჰითი (თბილისი ბასკეტი)

ირაკლი ლაშხი და დათა ლომინაძე – ლოს ანჯელეს კლიპერსი  (მეგა)

 ნიკა გვერაძე და მიხეილ კარმანოვი  – დენვერ ნაგეთსი (პროგრესი)

საუკეთესო მოთამაშე MVP

2021  წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა ლოს ანჯელეს კლიპერსის (მეგა) წევრი ირაკლი ლაშხი. საუკეთესო მოთამაშე სპეციალური პრიზით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ დააჯილდოვა.

საჩემპიონო თასის გადაცემა

ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონი გუნდის, ლოს ანჯელეს კლიპერსის (მეგა) კაპიტანს დათა ლომიძეს, საჩემპიონო თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.

ოთხთა ფინალის შედეგები:

ლოს ანჯელეს კლიპერსი (მეგა) VS დეტროიტ პისტონსი (მაკაბი) 22:21

მაიამი ჰითი (თბილისი ბასკეტი)  VS დენვერ ნაგეთსი (პროგრესი)  25:16