ანდრეი დემჩენკო: „მსაჯმა სლოვაკეთის გუნდი მეორე ეტაპზე ყურებით გაათრია“

0
5

გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელი ანდრეი დემჩენკოს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჟილინასთან“ შინ გამართულ საპასუხო შეხვედრაში, სერბმა არბიტრმა სტურების სასარგებლოდ პენალტი შეცდომით დანიშნა.

მან ამის შესახებ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „ჟილინასთან“ (2:1) მოგებული მატჩის მერე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გორელებმა პირველი თამაში სტუმრად 1:5 წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.

ანდრეი დემჩენკო: „მეტოქისთვის არანაირი შანსი არ მიგვიცია, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ მსაჯმა „ჟილინას“ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა აჩუქა. ასეთ მომენტებისთვის პენალტი არ ინიშნება და მან თამაში გააფუჭა.

ის სერბი მსაჯია და მისთვის უფრო ახლობელი ქვეყნის, სლოვაკეთის გუნდი მეორე ეტაპზე ყურებით გაათრია, დიახ, ასეა – ყურებით გაათრია!

პირველ შეხვედრაში გუნდით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, მეორეში კი პირიქით – ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ჩვენ ეს მატჩი კი მოვიგეთ, მაგრამ ორმატჩიანი რაუნდი დავთმეთ.

ბიჭებით კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან კარგად ითამაშეს. ისინი საბრძოლველად და კარგი თამაშისთვის იყვნენ განწყობილები და ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით. სამწუხაროა, რომ ამის მიუხედავად, პირველივე ტაიმში გატანა ვერ შევძელით, რაც მატჩს სხვა კალაპოტით წარმართავდა“.