ბათუმელებმა „ტრე პენეს“ სამჯერ გაუტანეს და ბატეს ელიან

0
5

ბათუმის „დინამომ“ არსებობის ისტორიაში ევროთასებზე პირველი ეტაპი მესამედ გადალახა.

გია გეგუჩაძის შეგირდებმა სან მარინოს „ტრე პენეს“ პირველი თამაში სტუმრად 4:0 მოუგო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში დაახლოებით 10000 გულშემატკივრის თვალწინ 3 უპასუხო ბურთი გაუტანა.

განვლილი შეხვედრის მე-10 წუთზე ანგარიში ბათუმელთა ფრანგმა ლეგიონერმა ვამარა სანოგომ გახსნა და „დინამომ“ პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო.

მატჩის მეორე ნახევრის დაწყებიდან ორ წუთში თორნიკე გაფრინდაშვილმა საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო გიული მანჯგალაძემ უპრობლემოდ დაამატა – 2:0.

51-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან სანდრო ალთუნაშვილის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა ნახტომში ძალიან ეფექტური დარტყმით „ტრე პენეს“ კარი კიდევ ერთხელ აიღო.

აღსანიშნავია, რომ 1998 წლის 27 აგვისტოს შემდეგ დინამოელებმა ევროთასებზე ბათუმში პირველი მატჩი ჩაატარეს. მაშინ, შავიზღვისპირელებმა ევროპის თასების თასის საკვალიფილაციო ეტაპზე ჯერ კიდევ იუგოსლავიის ბელგრადის „პარტიზანს“ 1:0 აჯობეს. თუმცა, პირველ თამაშში სტუმრად 0:2 დამარცხდნენ და გათამაშებს გამოეთიშნენ.

გეგუჩაძის გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსის ბორისოვოს ბატეს დაუპირისპირდება – პირველი მატჩი 22 ივლისს ბათუმში გაიმართება, ხოლო საპასუხო 29 ივლისს ბელარუსში.

„დინამო“ (ბათუმი) – „ტრე პენე“ (სან მარინო) 3:0 (1:0)

15 ივლისი. ბათუმი. ცენტრალური სტადიონი.

„დინამო“ (ბათუმი): კუპატაძე; ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ნავალოვსკი; ტეიდი (ალთუნაშვილი 46), მანჯგალაძე (ფანცულაია 62); გაფრინდაშვილი, ზარია (მამუჩაშვილი 75), შინდაგორიძე (ჯოვინო 46); სანოგო (ჯიღაური 61)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„ტრე პენე“: მიგანი; პალაცი, მაიკონი (კასადეი 65), ვანდი; სარტორი, სანტონი, რიგინი (ზონზინი 73), სამპრინი, ბოჩოლეტი; პიერი (კოსტა 63), ბადალასი (სიმონჩელი 73)

მთავარი მწვრთნელი: სტეფანო ჩეჩი

გოლი: 1:0 სანოგო (10), 2:0 მანჯგალაძე (47), 3:0 ჯოვინო (51)

გაფრთხილება: სანოგო (26), ალთუნაშვილი (54), კობახიძე (83) – ბოჩოლეტი (5), პალაცი (66)

მთავარი მსაჯი: ვიაჩესლავ ბანარი (მოლდოვა)