კახა ცხადაძე:“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეცდომები არ გავიმეოროთ და მატჩი მოვიგოთ“

0
7

კახა ცხადაძე იმედოვნებს, რომ მისი ფეხბურთელები „ნეფთჩისთან“ სტუმრად გასამართ საპასუხო შეხვედრაში, თბილისში დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებენ და მოიგებენ.

„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ 14 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფილაციო ეტაპზე აზერბაიჯანის ჩემპიონთან ჩასატარებელ თამაშამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კახა ცხადაძე: „ბაქოში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. აზერბაიჯანში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიმუშავე, ხოლო ბაქო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ლამაზი ქალაქია. „ნეფთჩისთან“ პირველი თამაში ძალიან საინტერესო და მძიმე იყო. ხვალ იმავე იქნება და მომავალი თამაშით ისიამოვნებთ. ალბათ, ხვალ კიდევ უფრო მძიმე შეხვედრა იქნება, რადგან ორივე გუნდმა თავისი სუსტი მხარეები დაინახა, რომელთა გამოყენებას შეეცდება.

პირველი მატჩის შედეგის მიუხედავად, არ ვიტყვი, რომ „ნეფთჩი“ ჩვენზე გაცილებით ძლიერი იყო, რადგან კარში 8-ჯერ დარტყმული ბურთი 7-ჯერ მოვიგერიეთ. ჩვენ ორი უხეში შეცდომა დავუშვით, რომლებიც წაგების მიზეზი აღმოჩნდა. თუმცა, ხვალ მსგავსი რამ არ გამეორდება.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ „ნეფთჩი“ სუსტი გუნდია. ეს მაღალკვალიფიცრებული გუნდია კარგი მოთამაშეებით. თუმცა, ჩვენ სახლში „ნეფთჩის“ სიძლიერის კი არა, უხეში შეცდომების გამო წავაგეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი რამ არ გავიმეოროთ და შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.

მართალია, „ბაქსელ არენაზე“ ბევრი გულშემატკივარ არ ეტევა, მაგრამ ფეხბურთის სათამაშოდ ძალიან მოსახერხებელია. ბევრ სტადიონზე ვარ ნამყოფი, მათ შორის დიდ არენებზე, მაგრამ ასეთი სტადიონი იშვიათად მინახავს. პლუს, სტადიონის გარშემო საცხოვრებელი სახლებია და ეს აზერბაიჯანული გუნდისთვის დამატებითი პლუსია, რადგან ფეხბურთელები საკუთარ მოედანზე თავს კიდევ უფრო მეტად იგრძნობენ.

როგორც ჩვენ დავინახეთ „ნეფთჩის“ შეცდომები, ასევე „ნეფთჩიმ“ დაინახა ჩვენი შეცდომები. ამის შესახებ, დაწვრილებით არ ვისაუბრებ, რადგან ორივე გუნდი მათ გამოყენებას ეცდება“.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს თბილისში გამართულ პირველ მატჩში „დინამო“ 1;2 დამარცხდა. „ნეფთჩი“ – „დინამოს“ დაპირისპირება ბაქოში „ბაქსელ არენაზე“ შედგება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მომავალ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს „პირველი არხი“ გადასცემს.