“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურისა და ზესტაფონის კლუბების სპონსორია

0
10

„ჯორჯიან მანგანეზე“ ერთი წლის განმავლობაში რეგიონალური ლიგის ორი იმერული კლუბის გენერალური სპონსორი ხდება.

სასპონსორო ხელშეკრულების თანახმად, ჭიათურის ‘მათე’ 200,000, ხოლო ზესტაფონის ‘არწივები’ 100,000 ლარს მიიღებენ, წლიურად.

შეთანხმებას, რომელიც რაგბის კავშირის ჩართულობით შედგა, ხელი დღეს „რაგბი პლატოზე“ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და კლუბების წარმომადგენლებმა – რომან პირველაშვილმა (ზესტაფონის ‘არწივების’) და როინ წიწილაშვილმა (ჭიათურას ‘მათეს’) მოაწერეს.

„ჯორჯიან მანგანეზის მხრიდან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა, არა მხოლოდ ქართული რაგბის, არამედ მთლიანად ქართული სპორტის მხარდასაჭერად. რაგბის კავშირის პრეზიდენტი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკბებს კერძო სექტორთან, შესაბამისად „ჯორჯიან მანგანეზისთან“ მოხდა საერთო მიზნების დაახლოება, რაც თანხვედრაშია კომპანიის ობიექტური ინტერესთან რეგიონში არა მხოლოდ რაგბის, არამედ ზოგადად სპორტის განვითარებისა და პოპულარიზებისათვის“.

„სასპონსორო პაკეტი ჯამში 300 ათასს ლარს მოიცავს. ორივე კლუბს ამბიციური გეგმა აქვს და დამატებითი ფინანსებით მათი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება. ღსანიშნავია, რომ ორივე კლუბი აქტიურად მუშაობს ბავშვთა რაგბის განვითარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა „ჯორჯიან მანგანეზს“ ამ მხარდაჭერისთვის და მოვუწოდებთ სხვა კომპანიებს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში“ – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ალავიძემ.

„ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბებზე დიდ იმედს ვამყარებთ, გვაქვს საკმაოდ ამბიციური განაცხადი, რომ ერთ-ერთი გუნდი საქართველოს ჩემპიონიც გახდეს, ეს რეალურია. ჩვენ ამ გუნდებს გავუწევთ სპონსორობას, შევუქმნით საუკეთესო პირობებს, რომ სარაგბო კლუბებმა მაღალი შედეგი აჩვენონ. კერძო სექტორის მონაწილეობა სპორტის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანია, GM კი ამ დიდი საქმეში თავის წვლილს აუცილებლად შეიტანს. გვინდა ჩვენი დღევანდელი ინიციატივა ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბების სპონსორობაზე სამაგალითო იყოს“ – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.