სტუდენტურ ლიგაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

0
6

სტუდენტურ ლიგაში პლეი ოფი დაიწყო. საუნივერსიტეტო სპორტისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციების ერთობლივად ორგანიზებულ ტურნირში დღეს მეოთხედფინალები გაიმართა და 4 საუკეთესოც გამოვლინდა. სანამ მათ შედეგებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ “ა” და “ბ” ჯგუფის ყველა წარმომადგენელი მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით შემდეგნაირად დაწყვილდა:

გთსუ (ბ1) – თსსუ (ა4) 
თსუ (ა2) – სტუ (ბ3) 

სპორტუნი (ა1) – ილიაუნი (ბ4) 
აწსუ (ბ2) – სეუ (ა3) 

4 მეოთხედფინალური მატჩიდან 2 ძალიან დაძაბული გამოდგა, ორშიც გამარჯვებულის ვინაობა ზედმეტი ბრძოლის გარეშე გამოვლინდა. 2 ოვერტაიმი დასჭირდა ნახევარფინალისტის გამოვლენას თსუ-სა და სტუ-ს დაპირისპირებაში. ძირითადი დრო ფრედ, 63:63 დასრულდა, დამატებით 5-წუთეულში გუნდებმა მხოლოდ 3-3 ქულა ჩააგდეს და მეორე ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც სტუ-მ მიუხედავად ჯარიმების ლიმიტის გამო  ლიდერების გარეშე დარჩენისა, გამარჯვების მოპოვება მოახერხა – 79:71 (სტატისტიკა).

თსუ-მ სამაგალითოდ იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გამარჯვების მომტანი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხა. მეორე პერიოდის მიწურულს ტექნიკოსები 20 ქულით – 39:19 იგებდნენ და თითქოს არც არაფერი მოასწავებდა დაძაბულობას, თუმცა თსუ-მ მოახერხა თამაშის შემობრუნება და ეს უპირველესად ზონური პრესინგის ძალით მოახერხა. გია ჩხეიძისა და ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილი უნივერსიტეტელები მისსავე მოედანზე ართმევაზე ეთამაშებოდნენ ტექნიკოსებს და არაერთი ბურთი ჩაჭრეს, რაც კონტრშეტევით შედეგიანად დაასრულეს და ასე მოახერხეს ბოლო პერიოდში მეტოქესთან ჯერ მიახლოება, შემდეგ კი დაწინაურება. სტუ-მ ბურთი 41-ჯერ დაკარგა, ხოლო თსუ-მ – 29-ჯერ.

ოვერტაიმში სტუ-ს გიორგი ღონღაძეც გაუვარდა და ვალერიან წულეისკირიც, თუმცა პოზიციური თამაშის დრო აღარ იყო. საამისოდ მოთამაშეებს არც ძალა ჰქონდათ და არც დრო. ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა გიგა მახვილაძის სამქულიანი, რამაც მეორე ოვერტაიმში სტუ-ელები 5 ქულით დააწინაურა და გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტა.

არანაკლებ დაძაბული იყო მეოთხედფინალური ჯახი ქუთაისში, სადაც ლაშა ეძგვერაძის გაწვრთნილმა სეუ-მ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) 1 ქულის სხვაობით – 77:76 (სტატისტიკა) დაამარცხა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის გუნდი. გამარჯვების ბურთი ბოლო წამებზე მამუკა ბერულავამ ჩააგდო და მასპინძელი ქუთაისელები პლეი ოფს მიღმა დარჩნენ.

შედარებით იოლი გამარჯვებები მოიპოვეს ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასულმა გუნდებმა – გთსუ-მ (გურამ თავართქილაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და სპორტუნიმ. გთსუ-ელებმა სამედიცინო უნივერსიტეტს 80:55 (სტატისტიკა) სძლიეს, ხოლო სპორტუნიმ ილიას უნივერსიტეტს (ილიაუნი) 83:74 (სტატისტიკა) დაამარცხა.

ნახევარფინალში სპორტუნი – სეუ-ს შეხვდება, ხოლო გთსუ სტუ-ს დაუპირისპირდება. ასევე გათამაშდება IV-VIII ადგილებიც.