ბათუმის „დინამომ“ მეორე ეტაპზე თამაში გაინაღდა

0
4

ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგა რიხიანად დაიწყო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილები სტუმრად სან-მარინოს „ტრე პენეს“ დაუპირისპირდნენ და სოლიდური სხვაობით დაამარცხეს.

მე-8 წუთზე, ბათუმელთა რამდენიმე სვლიანი კომბინაციის დროს, ბურთი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილმა ჯაბა ჯიღაურმა მიიღო, რომლის გადაცემის მერე კარის წინ მყოფმა გიორგი ფანცულაიამ ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1.

მე-10 წუთზე, ლაზარე კუპატაძემ თამაშში შეიტანა ბურთი, რომელიც მეტოქის ნახევარზე  გიორგი ფანცულაიამ მიიღო და პასი ჯიღაურს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მასპინძლების საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე ვლადიმერ მამუჩაშვილი გაიყვანა, რომელმაც შანსი გამოიყენა – 0:2.

მე-18 წუთზე, ტეიდმა ზუსტი პასით  „ტრე პენეს“ საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილი ჯიღაური მოძებნა, რომელიც ერთ მცველს გასცდა და ზუსტად დაარტყა – 0:3.

58-ე წუთზე, გროცურეკის პასის შემდეგ სან-მარინოელთა საჯარიმოში მდგომმა გიორგი ზარიამ ერთი შეხებით ბურთი ზედა კუთხეში ზუსტად გაგზავნა -0:4.

დარჩენილ დროში ბათუმელებს მეტოქის კარის აღების შანსი კიდევ ჰქონდათ, მაგრამ მეტი გოლი არ გასულა.

„დინამო“ საპასუხო შეხვედრას „ტრე პენესთან“ 15 ივლის ბათუმის ახალ არენაზე ჩაატარებს.

 

„ტრე პენე“ (სან მარინო) – „დინამო“ (ბათუმი) 0:4 (0:3)

8 ივლისი. სან-მარინო. სტადიონი „სერავალე“.

„ტრე პენე“: მიპანი, გაი (კ), ბადალასი, ბოჩიოლეტი, ლომბარდი, მაიკონი (ჩეზარინი, 64), პალაცი, პიერი (კოსტა, 64), სანტონი, სარტორი, სემპრინი (ბატისტინი, 55).

მთავარი მწვრთნელი: სტეფანო ჩეჩი

„დინამო“ (ბთ.): კუპატაძე, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, აზაროვი, ალთუნაშვილი (შინდაგორიძე, 46), მარგველაშვილი, ჯიღაური (ზარია, 46), მამუჩაშვილი, ტეიდი (მანჯგალაძე, 62), ფანცულაია (გროცურეკი, 46), ფლამარიონი (სანოგო, 57).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

გოლი: 0:1 ფანცულაია (8), 0:2 მამუჩაშვილი (10), 0:3 ჯიღაური (18), 0:4 ზარია (58)

გაფრთხილება: აზაროვი (36)

მთავარი მსაჯი: რობერტას ვალიკანისი (ლიტვა)