ინგლისი ნახევარფინალში გოლის გაუშვებლად გავიდა

0
10

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ევრო-2020-ის 1/4-ფინალში რომის „ოლიმპიურ“ სტადიონზე უკრაინის ნაკრებს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და 1996 წლის შემდეგ პირველად ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში ითამაშებს.

ინგლისელებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს, როდესაც რაჰიმ სტერლინგის კარგი პასის შემდეგ ჰარი კეინი უკრაინელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა.

ბრიტანელებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ სამ წუთში ლუკ შოუმ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაკიდა და ჰარი მაგუაიერმა თავით თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა.

50-ე წუთზე შოუმ საგოლე გადაცემა უკვე კეინს გაუკეთა, რომელმაც თავით დუბლი შეასრულა. მან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 9 გოლი მიითვალა – იმდენვე რამდენიც ალან შირერმა. ამ მაჩვნებლით ინგლისის ნაკრების ისტორიაში რეკორდსმენი ჰარი ლინეკერია 10 გოლით.

კეინი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის პირველობის პლეი-ოფის ზედიზედ ორ მატჩში გოლი გაიტანა.

შოუმ ევრო-2020-ზე 3 საგოლე პასი მიითვალა – ინგლისელი ფეხბურთელებიდან მსგავსი შედეგი დევიდ ბექჰემს ჰქონდა ევრო-2000-ზე.

63-ე წუთზე, მეისონ მაუნტმა საგოლე პასით ჯორდან ჰენდერსონი მოაამარაგა, რომელმაც თავით ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის შემდეგ პლეი-ოფში 4 ან მეტი გოლი პირველად გაიტანა.

გარდა ამისა, ინგლისმა ევროპის ჩემპიონატებზე ერთ მატჩში 4 გოლი პირველად გაიტანა.

ინგლისი ევროპის პირველობების ისტორიაში პირველი გუნდია, რომლის ფეხბურთელებმა ერთ მატჩში სამი გოლი თავით გაიტანეს.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატებზე ინგლისელებმა მეტოქის კარი 4-ჯერ პირველად 2004 წელს აიღეს, როდესაც ხორვატებს ჯგუფში 4:2 აჯობეს.

ინგლისის ნაკრები მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთია, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია.

საუთგეიტი ალფ რამსეის შემდეგ მეორე ინგლისელი მწვრთნელი, რომელმაც გუნდი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ნახეფვარფინალში გაიყვანა.

საუთგეიტი ხელმძღვანელობით ინგლისელებმა მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშეს, ხოლო რამსეიმ ბრიტანელები მსოფლიო 1966 წლის ჩემპიონატისა და ევროპის 1968 წლის პირველობის ნახევარფინალებში ათამაშა.

ინგლისმა არსებობის ისტორიაში პირველად ზედიზედ 7 მატჩში ბურთი არ გაუშვა – “მშრალი სერია” 662 წუთს შეადგენს.

უკრაინამ ევრო-2020-ზე 10 გოლი გაუშვა. ამაზე უარესი შედეგი იუგოსლავიის ნაკრებს ჰქონდა 2000 წელს – 13 გოლი.

ინგლისელები ევრო-2020-ის ნახევარფინალში 7 ივლისს ლონდონში „უემბლიზე“ დანიას შეხვდებიან.