ანდრეი შევჩენკო: „ინგლისი ფავორიტია, მაგრამ ჩვენი ძლიერი მხარეებიც კარგად ვიცით“

0
9

ანდრეი შევჩენკოს კარგად ესმის, რომ ინგლისის ნაკრები ფავორიტია, მაგრამ მის გუნდსაც თავისი კოზირები აქვს.

უკრაინის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღეს რომში ინგლისთან გასამართ თამაშამდე ისაუბრა.

„ინგლისი ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია, ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და თავის რიგებში საუცხოო შემსრულებლები ჰყავს. მსურს აღვნიშნო ჩემი კოლეგა გარეთ საუთგეიტი, რომელმაც კარგი გუნდი შეკრიბა და თანამედროვე ფეხბურთს ათამაშებს.

მიმაჩნია, რომ თვალს ინგლისის ნაკრების არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს ვადევნებთ. ამ ქვეყნის ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა. ამიტომ, რთული ბრძოლა გველოდება ძალიან ძლიერ მეტოქესთან.

ვაცნობიერებთ, რომ მეტოქე ფავორიტია, მაგრამ ჩვენი ძლიერი მხარეებიც კარგად ვიცით. ტურნირზე ხასიათი და ჩვენი სათამაშო პრინციპები უკვე ვაჩვენეთ, რომელთაც არ ვუღალატებთ. ეს ჩვენი გუნდის საძირკველია. ვიცი, რომ მძიმე მატჩი გველოდება, მაგრამ ჩემს მოთამაშეებს ხასიათი აქვთ“ – ციტირებს შევჩენკოს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ინგლისი-უკრაინის დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.