გოგონათა შორის 7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო

0
6

28 ივნისს, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით 16-წლამდე გოგონათა შორის 7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალმა აიღო სტარტი.

საფეხბურთო ფესტივალის გახსნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დაესწრო. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა მონაწილე გუნდებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში მასობრივი და გოგონათა ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით გოგონათა საფეხბურთო ფესტივალი კამპანია #Weplaystrong-ის ფარგლებში იმართება. ფესტივალის პირველ დღეს ტურნირში თბილისის, წალკის, თეთრიწყაროსა და გორის 8 გუნდი ჩაერთო. საფეხბურთო ფესტივალის შემდეგ ტურს 1 ივლისს კასპი უმასპინძლებს, ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.

7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალი 25 ივლისის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. საუკეთესო ოთხი გუნდი კი, #Weplaystrong-ის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება. საფეხბურთო ფესტივალის ნახევარფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებს სფფ-ის ლაგოდეხის ტექნიკური ცენტრი უმასპინძლებს.