რობერტო მარტინესის თქმით, ბელგიის ნაკრების თამაში ტაქტიკურ დისციპლინასა და ცივ გონებაზე იყო გათვლილი.
ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევრო-2020-ის 1/8-ფინალში სევილიაში „ოლიმპიურ“ სტადიონზე პორტუგალიასთან 1:0 გამარჯვების მერე ისაუბრა.
„საუცხოოდ კონცენტრირებულნი ვიყავით და თავს ძალიან კარგად ვიცავდით. თამაშს ვაკონტროლებდით და როდესაც საჭირო იყო, უკანა ხაზშიც მაღალ დონეზე ვმოქმედებდით.
ძალიან ლამაზი გოლი გავიტანეთ და როგორც მოსალოდნელი იყო მეორე ტაიმში ინიციატივა პორტუგალიის მხარეს გადავიდა. ჩვენი უდრეკი ხასიათი უნდა გვეჩვენებინა. ჩვენი გეგმა ორ ასპექტზე იყო დაფუძნებული – ტაქტიკურ დისციპლინასა და ცივ გონებაზე.
კონტრშეტევაზე ბურთი უფრო კარგად რომ შეგვენარჩუნებინა, შესაძლოა მეორე ტაიმში პორტუგალიელთა რისკიანი თამაშის ფონზე მეტი სარგებელი გვენახა.
შეცვლა რატომ დავაყოვნე? არ მსურდა, რომ გუნდს კონცენტრაცია დაეკარგა და ასევე, დამატებითი დროის დანიშვნას არ გამოვრიცხავდი. უფრო მეტს იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩვენი თამაში არ დამეზიანებინა. ვხედავდი, რომ ფეხბურთელები დავალებას თავს ართმევდნენ. შეცვლაზე შესვლის დროს, ზოგჯერ თამაშში ჩართვა რთულია და ამიტომ, სხვა ფეხბურთელების მოედანზე გაყვანა საჭიროდ არ მივიჩნიე.
ჯერ ადრეა საუბარი რამდენად სერიოზულია დე ბრუნისა და ედენ აზარის ტრავმები. კევინს კოჭი აწუხებს, ხოლო ედენს კუნთის პრობემა აქვს. ზუსტად რამის სათქმელად პროგნოზს უნდა დაველოდოთ“ – ციტირებს ესპანელს სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.