საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები რუმინეთში, ევროსაკვალიფიკაციო ტურნირზე გაემგზავრა

0
3

დღეს საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები, რომლის ღირსებასაც ილია ლონდარიძე, რეზო ჩაჩანიძე, ზუკა მაჩალაძე და ვახტანგ გაფრინდაშვილი იცავენ, რუმინეთში გაემგზავრა. ქალაქი კონსტანტა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპს მასპინძლობს, სადაც 15 გუნდი შეიკრიბება და ფინალურ ეტაპზე გასასვლელი 4 საგზურისთვის იბრძოლებს.

მთლიანობაში 2 საკვალიფიკაციო ტურნირი იმართება – ისრაელში და რუმინეთში. კონსტანტაში შეკრებილი 15  ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველო 4-გუნდიან, B ჯგუფში მოხვდა, რომელშიც ჩვენი მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, ირლანდია და ლიეტუვა. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელის (მწვრთნელი), გიგა გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ნაკრებს საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეხვდა, განსაკუთრებით მასპინძელი რუმინეთისა და ლიეტუვას სახით, თუმცა 3×3 კალათბურთში ფავორიტობას მეტწილად პირობითი მნიშვნელობა აქვს და საქართველო ჯგუფიდან გამსვლელ ორეულში მოსახვედრად იბრძოლებს.

გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2-2 საუკეთესო გავა. მეოთხედფინალების მომგები 4 გუნდი მოიპოვებს 10-12 სექტემბერს, პარიზში გასამართი ევროპის თასის ფინალური ეტაპის საგზურებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას 27 ივნისს გამართავს:

საქართველო V რუმინეთი 17:05, 27.06.2021
ირლანდია V საქართველო 19:10, 27.06.2021
საქართველო V ლიეტუვა 23:55,  27.06.2021