ცხადაძემ „დინამოს“ თავკაცის რანგში პირველად წააგო, “თელავის” ზედიზედ მეორე გამარჯვება

0
4

კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამომ“ პირველი თამაში წააგო.

მე-19 ტურში თბილისის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა.

მატჩის დებიუტში მასპინძლებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, რასაც სტუმართა კონტრშეტევა მოჰყვა და სერგო კუხიანიძე, თბილისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ირაკლი ლექვთაძე მოძბენა, რომელმაც ანგარიში გახსნა 0.

„სამგურალის“ ფორვარდმა გოლი 46-ე წამზე გაიატანა, რაც ამ სეზონის რეკორდია.

მე-17 წუთზე, პაპუნა ფონიავამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი რომელიც „ცოცხალ“ კედელში გაძვრა, იმ კუთხეში გავიდა სადაც როინ კვასხკვაძე იდგა.

„სამგურალმა“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

მე-60 წუთზე, „დინამოს“ შეტევის დროს ბაქარ ქარდავას დარტყმული ბურთი სტუმართა ნახევარმცველ ლუქმან გილმორს თავის საჯარიმოში ხელში მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი გაბედავამ გამოიყენა.

67-ე წუთზე, სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან გილმორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად წითელში გადაიზარდა.

დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და მიმდინარე სეზონში „სამგურალმა“ „დინამოს“ მეორე თამაშიც მოუგო.

პირველ წრეში წყალტუბოელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს. ამ გუნდების დაპირისპირების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ „სამგურალმა“ „დინამოს“ ერთ სეზონში 2 თამაში მოუგო. აქვე გეტყვით, რომ მეორე წრეში თბილისში “დინამო” – “სამგურალის” თამაში 1:1 დასრულდა.

დინამოელები ამ სეზონში საერთო ჯამში მეხუთედ დამარცხდნენ.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო „თელავმა“, რომელმაც რუსთავში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე „სამტრედიას“ 2:1 აჯობა.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 56-ე წუთზე თელაველმა მიხეილ ბაშალეიშვილმა ანგარიში გახსნა.

58-ე წუთზე, საპასუხო ბურთი გიორგი ილურიძემ გაიტანა, რომელმაც ანატოლი მესიაჩენკოს პასი გამოიყენა.

მასპინძლებს ზაზა ციცქიშვილმა მოაგებინა, რომელმაც სამტრედიელთა კარი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე აიღო.