ლევან კობიაშვილი: „ფიფას მხარდაჭერით ფეხბურთის ფედერაცია მორიგ პროექტს ახორციელებს”

0
9

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში აშენებს. აღნიშნული პროექტის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, სფფ-ის გენერალურ მდივანთან დავით მუჯირთან, ვიცე-პრეზიდენტთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ერთი სტანდარტული და ერთი მინი მოედნის (7×7 მოედანი) მშენებლობა განათებითა და ტრიბუნით. ასევე ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სადაც გასახდელები იქნება განთავსებული. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა “ფორვარდის” დაფინანსებით მიმდინარეობს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მნიშვნელობასა და ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა, კერძოდ, ქუთაისის აკადემიისა და დიდ დიღომის საფეხბურთო ცენტრის შესახებ, რომლის მშენებლობის დასრულებაც, მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.
ლევან კობიაშვილი: „ფიფას მხარდაჭერით, ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს მორიგ არაჩვეულებრივ პროექტს თბილისში, კერძოდ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში. როგორც იცით, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრი პროექტი განვახორციელეთ. თუმცა შეჩერებას არ ვაპირებთ. მშენებლობის დასრულების შემდეგ ბავშვებს, მოყვარულებსა და გოგონებს საშუალება ექნებათ სრულიად უფასოდ გამოიყენონ აღნიშნული ინფრასტრუქტურა.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა მიმდინარე პროექტებს, როგორც იცით, დაწყებული გვაქვს ქუთაისში აკადემიის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დიდ დიღომში. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასტაბით საფეხბურთო ინსფრასტრუქტურის მშენებლობასა და კეთილმოწყობას.“
მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისის რამდენიმე უბანში, მათ შორის, ვარკეთილში, გლდანსა და ვაკეში, ასევე ფოთში.