U20 | 27 მოთამაშით ურუგვაის წინააღმდეგ

0
4

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე მატჩში 27-კაციანი განაცხადით ითამაშებენ.

23 ივნისს მათი მეტოქე ურუგვაის 20-წლამდელთა გუნდი იქნება (საქართველოს დროით 15 საათი), რომელმაც პირველ რაუნდში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართა და 10:29 დამარცხდა.

განაცხადში 27 მოთამაშის ყოლით, უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს ერთის მხრივ საქმეში ბევრი მოთამაშის ნახვის საშუალება ექნება, ხოლო მეორეს მხრივ, პირველ მატჩში მომხდარ უსიამოვნო ფაქტს თავიდან აირიდებენ და მოედანზე კაცნაკლულნი არ დარჩებიან. არგენტინასთან მატჩი, კუნთების დაჭიმულობის გამო უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 13 კაცით დაამთავრეს, ალექსანდრე ბურდულის სინბინის შემდეგ კი მოედანზე 12-ნი დარჩნენ.

განვლილ შეხვედრასთან დაკავშირებით გუნდის მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს:

„რადგან აქცენტს 2022 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ვაკეთებთ, სამწვრთნელო ჯგუფის გადაწყვეტილება იყო, რომ სამხრეთ აფრიკაში ერთი წლით ახალგაზრდა მოთამაშეებით წამოვსულიყავით, რათა ამ ბიჭებს, რომლებსაც კოვიდ-პანდემიის გამო 18-წლამდელთა ნაკრებშიც არ ჰქონდათ ნათამაშები, მიეღოთ საერთაშორისო გამოცდილება. მანამდე, იმავე პანდემიის გამო, მათ მთელი წელიწადი გაუცდათ“.

„მზადება „შევარდენზე“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გავიარეთ და აფრიკაში ბუნებრივ საფარზე სულ ორი ვარჯიში გავმართეთ. იმ მოედანზე, სადაც ვითამაშეთ, კაპიტნის ვარჯიშისთვისაც კი მხოლოდ დამრტყმელები შეუშვეს, საფარი კი იყო ძალიან რბილი, რის გამოც პრაქტიკულად მთელს გუნდს კუნთების დაჭიმულობის პრობლემა შეექმნა“.

„შეხვედრას რომ მივყვეთ, საწყისი 29 წუთი არგენტინის ნახევარზე გავატარეთ. რაგბი შესაძლებლობების გამოყენების თამაშია, მაგრამ კლასი და გამოცდილება არ გვეყო და ამ პერიოდში ძალიან ცოტა ქულები ავიღეთ. დარჩენილ დროში კონტრშეტევაზე სამი ლელო მივიღეთ, რაც მეტოქის მაღალ კლასზე მეტყველებს. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევრის დასაწყისში შევძელით ერთი საპასუხო ლელოს გატანა და თამაშში ვრჩებოდით, თუმცა მერე თავი იჩინა პრობლემებმა. პრაქტიკულად მთელ გუნდს დაეწყო კუნთების ისეთი ტკივილი, რომ სიარულიც კი უჭირდათ“.

„ამ თამაშში მხოლოდ ერთი ტაქტიკური ცვლილება განვახორციელეთ, დანარჩენი კი იძულებითი იყო. მე-60 წუთიდან მოედანზე უკვე 13 კაცის ამარა დავრჩით, რადგან შეცვლები აღარ გვყავდა. 69-ე წუთზე კაპიტანს ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედანზე ბოლო 10 წუთი 12-ნი ვიყავით. ამას ისიც ემატებოდა, რომ მოედანზე დარჩენილი 3-4 მოთამაშეს წვივების ტკივილის გამო სირბილიც აღარ შეეძლო. ასეთ რიცხობრივ უპირატესობას ნებისმიერი გუნდი იყენებს და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც“.

„ამდენი ტრავმა ჩვენთვის დიდი მოულოდნელობა იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ბიჭებმა ერთი-ორი წლით უფროს არგენტინელებთან დიდი ბრძოლა გადაიტანეს, განსაკუთრებით პირველ 50 წუთში და მადლობა მათ ამ თავდადებისთვის. ისინი გულშემატკივრებს მომავალში აუცილებლად გაახარებენ!“.

8 ცვლილება სასტარტოში

ურუგვაისთან მატჩისთვის უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში 8 მოთამაშე შეცვალა. მათი ნაწილი ზემოთნახსენები ტრავმებითაა გამოწვეული.

შერკინების ხაზში შეიცვალა ორივე ბურჯი და ორი მესამეხაზელი. სრულადაა შეცვლილი ღერძი, ასევე ცენტრი და ფულბეკი.

კილასონია ამბობს:

„გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ მიიღოს გამოცდილება და ცვლილებების ნაწილი ამითაა განპირობებული, თუმცა გვაქვს ტრავმებიც. არგენტინასთან მატჩის შემდეგ გვქონდა საუბარი და  ვფიქრობთ, რომ სწორი გზით მივდივართ. ასევე გვქონდა ვიდეო-ანალიზი, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული მოთამაშეები“.

„ურუგვაი სამხრეთ აფრიკას ღირსეულად ეთამაშა. ის არგენტინასავით მოძრავი და სწრაფი გუნდი არაა, თუმცა გამოირჩევა კარგი დაცვის სისტემით, კარგად გრძნობენ თავს ბოჭვის და კონტაქტის არეში. სამხრეთ აფრიკასთან ფიზიკური თამაში ყოველთვის რთულია, ურუგვაიმ კი ეს მოახერხა. ასევე ნავარჯიშევი აქვთ დარტყმა ახურვაში. საინტერესო თამაში გველოდება, სადაც ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

U20 საერთაშორისო სერია. სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში

მეორე ტური, 15 საათი (საქ. დრო)

საქართველო v ურუგვაი

საქართველო

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12.გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. დავით იმნაძე (იუნკერები), 9. კოტე იაშვილი (აკადემია);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. დავით არველაძე (ლელო), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო).

მარქაფა: 16. თამაზ ჯიმშელეიშვილი (ლელო), 17. დავით გველესიანი (ლელო), 18. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 18. ირაკლი აფციაური (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. რატი ზაზაძე (არმაზი), 21.გიორგი კურტანიძე (ლელო), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო), 24. პაატა გალდავა (აია), 25. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 26. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 27. ლუკა არჩვაძე (ლელო).