კოხრეიძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

0
2

თბილისის „საბურთალოს“ კაპიტანი გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ის „გრენობლში“ გააგრძელებს, რომელმაც გასულ სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა.

ეს ინფორმაცია „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ დაადასტურა, რომლის თქმით ახალგაზრდა თავდამსხმელი ფრანგულ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მან აღნიშნა, რომ „გრენობლმა“ „საბურთალოს“ ოფიციალური წინადადებით მიმართა და თბილისელებიც ტრანსფერს დათანხმდნენ.

კოხრეიძემ, რომელსაც მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო 8 თვე გამოტოვა, მიმდინარე სეზონში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მან მაისში გორის „დილასთან“ შეხვედრაში ტრავმა იმავე მუხლზე მიიღო და ამჟამად, ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

კოხრეიძემ, რომელიც „საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია, გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი (2018), საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი  (2019) და სუპერთასი (2020) მოიგო.