ბორჯღალოსნები ქალთა უფლებებისთვის

0
5

ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში გამართავენ და კვართებზე UN Women-ის (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) წარწერით ითამაშებენ.

2 და 9 ივლისს ბორჯღალოსნების მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იქნება და ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, რადგან გლობალური პანდემის პირობებში, აფრიკელები 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, პირველ (და მეორე) შეხვედრას საქართველოსთან მართავენ, მერე კი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ერკინებიან.

17 ივლისს ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს დაუხვდებიან და აქაც ანალოგიური კვართებით იქნებიან შემოსილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე:

„ეს არის ქართველი მამაკაცების მხრიდან ქალთა მხარდაჭერის გლობალური მესიჯი, რომელსაც ამ ტესტ-მატჩების ფორმატში სამხრეთ აფრიკიდან გავაჟღერებთ. მიგვაჩნია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მამაკაცები უნდა ზრუნავდნენ ქალბატონებზე. საქართველოში დედის კულტი მუდამ არსებობდა და იარსებებს. ისტორიას თუ გავიხსენებთ, თამარ მეფის დროს ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ასე იქნება მომავალშიც“.

„მზად ვართ უარი ვთქვათ ფინანსურ სარგებელზე, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს ისტორიულ პარტნიორს სოციალურ პროგრამებში UN Women-ს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ – ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს რაგბის კავშირისა და ყველა მორაგბისთვის, კატეგორიულად მიუღებელია!“.

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

„მოხარულები ვართ რომ მოგვეცა საშუალება და ასეთ მნიშვნელოვან ტესტებს ამ წარწერით ვითამაშებთ. ქალთა მიმართ ძალადობა – მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა  და ვუერთდებით მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, ახლა უკვე გლობალური მასშტაბით. ზოგადად ძალადობა და მით უმეტეს ქალთა მიმართ, გონიერებისგან ძალიან შორსაა და ყოვლად დაუშვებელია. მთავარი სპონსორის ადგილზე UN Women-ის წარწერა, მესიჯია მთელი მსოფლიოსთვის ქალთა მხარდასაჭერად“.

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

„ჩვენთვის პატივია რომ მონაწილეობას მივიღებთ ამ პრობლემის მიმართულებით ცნობიერების ხარისხის გაზრდაში და მეტ გლობალურ ყურადღებას მივიქცევთ ასეთი სოციალური პროექტების პოპულარიზაციის კუთხით. მოხარულები ვართ ასეთი მესიჯით რომ გავალთ ზაფხულის ტესტების უმნიშვნელოვანეს თამაშებზე. გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ მსოფლიოში ეს პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ვისაც რითი შეგვიძლია, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ სიტუაციის გამოსასწორებლად“.

საქართელოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობების შემსრულებელი თამარ საბედაშვილი

„მრავალი წელია, რაც რაგბის კავშირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ამ საკითხში ჩვენ თანამებრძოლები ვართ. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბორჯღალოსნები ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ქალთა უფლებებსა და მათ გაძლიერებას უძღვნიან“

ინიციატივას, რომლის მიზანია 2030 წლისთვის ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა უერთდება მსოფლიო თასის გამარჯვებული, სამხრეთ აფრიკის კაპიტანი სია კოლისი:

„ამ ბრძოლაში მხოლოდ ქალები ვერაფერს გახდებიან. ჩვენ უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ პრობლემა ჩვენშია და ვეცადოთ გავხდეთ უკეთესები. უნდა გადავეჩვიოთ ბევრ რამეს, თუნდაც ქალებთან საუბრისას დამოკიდებულებას მათ მიმართ და ეს უნდა ხდებოდეს როგორც სახლში, ასევე სკოლაში. მნიშვნელოვანია, რომ აღვზარდოთ ჩვენი ბიჭები და არ გახდნენ გოგონები დასაცავები. ჩემი სურვილია, რომ ჩემმა 5 წლის ბიჭმა ეს შეიგნოს, რისთვისაც აღზრდის პროცესში მიმართ მომთხოვნი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო არჩევანია“.

ქართველ მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. თანამშრომლობა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცებისმონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქართველმა მორაგბეებმა ამ მოძრაობას, გაეროსგენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ – UNiTE to End Violence against Women და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა გენდერულითანასწორობისთვის HeforShe ეგიდით, არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს. ამასთან, ისინიმთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ კაცებსა და ბიჭებს ხვდებიან და მათ ქალებისა დაგოგოების მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებიან.