„დინამომ“ „ლოკომოტივის“ წარმატებული სერია შეწყვიტა

0
5

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის „ლოკომოტივის“ 6-მატჩიანი გამარჯვებათა სერია თანაქალაქელ „დინამოსთან“ შეწყდა.

მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა და კახა ცხადაძის შეგირდებმა მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს.

შეხვედრის მე-17 წუთზე ანგარიში გიორგი გაბედავამ გახსნა, რომელმაც სერბი ზორან მარუშიჩის გადაცეა გამოიყენა.

„დინამომ“ პირველი ტაიმი 1:0 გაიმარჯვა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს – გაბედავამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

„დინამოს“ ზედიზედ 3 თამაშია არ წაუგია – 2 გამარჯვება და 1 ფრე. ცხადაძის გუნდი 38 ქულით მეორეა ადგილზეა და ამდენივე ქულის მქონე ბათუმის „დინამოს“ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები ცუდი შედეგით ჩამორჩება.

„ლოკომოტივი“ 30 ქულით მეოთზე პოზიციაზეა.

თბილისის „საბურთალომ“ წაუგებელი სერია ოთხ შეხვედრამდე გაზარდა – 3 გამარჯვება და 1 ფრე.

ამჯერად. ხვიჩა შუბითიძის გაწვრთნილებმა თავის მოედანზე „სამტრედია“ 4:0 დაამარცხეს.

მატჩში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როდესაც სამტრედიელთა მცველმა ანდრო გიორგაძემ ავტოგოლი მიითვალა.

42-ე წუთზე, იური ტაბატაძის პასის შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილმა მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა.

83-ე წუთზე თავი ლევან ნონიკაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც გიორგი ლაცაბიძის გადაცემა გამოიყენა.

მატჩში წერტილი 18 წლის ნიგერიელმა მცველმა ოგაგა ოდუკომ დასვა, რომელმაც თავის სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა.