დავით ყიფიანი 70

0
34

დავით ყიფიანი თერთმეტი სეზონის განმავლობაში იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას და ყოველ სეზონში უფრო მეტად დახვეწილი, ფიზიკურად მომძლავრებული გამოიყურებოდა, ფეხბურთის მოყვარულებს კი ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებდა.
1975 წელს “დინამოს”  მწვრთნელმა იაკუშინმა დათო „ათიანის“ პოზიციაზე დააყენა,  ნოდარ ახალკაცის დანიშვნის შემდეგ კი, ყიფიანი გუნდის ლიდერი გახდა.
1976 წელს „დინამომ“ პირველად მოიგო საკავშირო თასი. ფინალში „არარატის“ საჯარიმოში ჩაწოდებას შემდეგ ყიფიანი მაღალ ნახტომში ბურთს თავით შესწვდა და ზუსტად გადაგზავნა მეტოქის კარში.
1977 წლის შემოდგომაზე უეფას თასზე თბილისის “დინამოს” მეტოქედ ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი მილანის “ინტერი” ერგო. იტალიელთა რიგებს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მცველი ჯაცინტო ფაკეტი იცავდა. მილანში ჩატარებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ყიფიანმა გაიტანა – მინდვრის ცენტრის სიახლოვეს ბურთი “თვით” ფაკეტის აართვა, სწრაფად შეიჭრა “ინტერის” საჯარიმოში და მოხდენილი დარტყმით “სან სირო” დაადუმა.
თბილისის “დინამოს” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე 1979 წლის 3 ოქტომბერია, როდესაც ქართველთა გუნდმა იმხანად ევროპის საუკეთესო კლუბს “ლივერპულს” 3:0 მოუგო. გამარჯვებას სათავე დავით ყიფიანის ფინტებმა და ზუსტმა პასმა დაუდო, რომლის შემდეგაც გუცაევმა ანგარიში გახსნა.
1981 წელს დათომ იშვიათი სილამაზის ბურთი გაუტანა რინატ დასაევს. მოგვიანებით მოსკოვის „სპარტაკის“ მეკარემ თქვა, – კარიერის განმავლობაში უმწეოდ მხოლოდ ბრაზილიელი ედერის და ყიფიანის დარტყმების  შემდეგ ვიყავიო.


თბილისელთა შემადგენლობაში დათომ საბჭოთა ფეხბურთის ყველა ჯილდო მოიგო – საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და ორჯერ თასი, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც დაიმსახურა. ყიფიანმა ევროპის ნაკრების შემადგენლობაშიც ითამაშა.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დიუსელდორფის თასების მფლობელთა თასის ფინალში „დინამოს“ მიერ „კარლ ცაისის“ დამარცხება. გადამწყვეტი გოლი ვიტალი დარასელიამ დათოს მიერ წამოწყებული შეტევის შემდეგ გაიტანა.
მინდორზე ყიფიანის მოწინააღმდეგეები საქვეყნოდ აღიარებული ვარკვლავები იყვნენ. ქართველთა მეათე ნომერი მათ არათუ ჩამოუვარდებოდა, პირიქით, მსოფლიო ფეხბურთის დიდოსტატებს ჩაგრავდა კიდეც.
დღეს დავით ყიფიანის დაბადებიდან 70 წელი შესრულდა…