„თელავმა“ მარცხიანი სერია გორში შეწყვიტა – ჩხუბი მატჩის მიწურულს

0
3

გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო.

მე-16 ტურში სტუმრად „საბურთალოსთან“ (0:3) მარცხის მერე, უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილებმა ამჯერად შინ გათამაშების აუტსაიდერ „თელავს“ ვერ აჯობეს – 1:1.

მატჩის მე-17 წუთზე, „თელავის“  კონტრშეტევის დროს ლაშა შერგელაშვილის პასის შემდეგ შოთა შეყილაძე მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დაარტყა – 0:1.

41-ე წუთზე, უსმანე კამარამ მარცხენა ფრთიდან თელაველტა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფი პაატა ღუდუშაურის ვარდნაში დარტყმას შეეცადა, მაგრამ საბოლოოდ პასი გამოუვუდა თორნიკე კაპანაძის მკსამართით, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „თელავმა“ ჩემპიონატში 4-მატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა, ხოლო გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით კახელებმა პირველი ქულა აიღეს.

აქვე გეტყვით, რომ მატჩის მიწურულს გორელმა და თელაველმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს, ხოლო ვითარება ორივე გუნდის სამწვრთნელო სტაფისა და კლუბის წარმომადგენლების ჩარევის მერე განიმუხტა.

მთავარმ მსაჯმა ირაკლი ხერხაძემ „დილას“ ნახევარმცველი ირაკლი ბუღრიძე გააძევა, რომელიც ჩხუბის ინიციატორი იყო.