ევრო-2020-ის მე-3 სათამაშო დღის ბოლო მატჩში C ჯგუფში ნიდერლანდების ეროვნულმა გუნდმა ამსტერდამში „კრუიფ არენაზე“ უკრაინის ნაკრებს დაძაბულ ორთაბრძოლაში 3:2 აჯობა.
მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შესვენების შემდეგ 6 წუთის განმავლობაში ნიდერლანდელებმა 2 გოლი გაიტანეს – 52-ე წუთზე უკრაინელთა მეკარე ბუშჩანის შეცდომის შემდეგ ანგარიში ვეინალდუმმა გახსნა, ხოლო 58-ეზე ვეგჰორსტმა ფრანკ დე ბურის გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ამი მიუხედავად, ანდრეი შევჩენკოს შეგირდებმა მობილიზება და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.
75-ე წუთზე ანდრეი იარმოლენკომ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, ხოლო 4 წუთის შემდეგ რომან იარემჩუკმა ტანაფარდობა აღადგინა.
85-ე წუთზე მეტოქის კარი დუმფრისმა აიღო და ნიდერლანდებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში მოაგებინა. ის თამაშის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
აღსანიშნავია, რომ არსებობის ისტორიაში უკრაინამ ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ 6 თამაში წააგო და ყოფილი იუგოსლავიის ანტირეკორდი გაიმეორა.
მარტინ სტეკელენბურგი 38 წლისა და 264 დღის ასაკში ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეკარე გახდა, რომელმაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
მანამდე, რეკორდი ვან დერ სარსს ეკუთვნის, რომელმაც 37 წლისა და 236 დღის ასაკში 2008 წელს ევროპის პირველობაზე ითამაშა.