ცხადაძის თავკაცობით „დინამომ“ პირველად გაიმარჯვა

0
4

თბილისის „დინამომ“ კახა ცხადაძის  ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი თამაში მოიგო.

მე-17 ტურის პირველ სათამაშო დღეს თბილისელები სტუმრად „სამტრედიას“ შეხვდნენ და 2:0 აჯობეს.

მატჩის 24-ე წუთზე, ნიდერლანდელმა მარჯვენა მცველმა ფაბუან სპორსკლედემ სამტრედიელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც სერბმა ზორან მარუშიჩმა ბურთს თავით მიმართულება შეუცვალა, ხოლო მისმა თანამემამულე მილან რადინმა ვარდნაში ასევე თავით ანგარიში გახსნა.

მე-80 წუთზე, იბრაჰიმ გადირზადემ ცუდად ითამაშა და ბურთი დაკარგა, რასაც „დინამოს“ კონტრშეტევა მოჰყვა, რომლის დროსაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა მარუშიჩმა პასი არ დაუგვიანა თორნიკე ახვლედიანს, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა.

„დინამო“ სატურნირო ცხრილში დროებით გალიდერდა, ვიდრე ხვალ ბათუმის „დინამო“ წყალტუბოში ადგილობრივ „სამგურალთან“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მე-16 ტურში, როდესაც ცხადაძის დებიუტი შედგა, „დინამომ“ შინ ქობულეთის „შუქურასთან“ 1:1 ითამაშა.

დღესვე, თბილისის „საბურთალო“ ფოთში „ფაზისის“ სტადიონზე ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.