ბელგიამ ევროპის ჩემპიონატი რუსეთთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

0
9

ევრო-2020-ის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბელგიის ეროვნულმა გუნდმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

რობერტო მარტინესის შეგირდები სანკტ-პეტერბურგში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და უპრობლემოდ 3:0 დაამარცხეს.

მატჩის მე-10 წუთზე დრის მერტენსის გადაცემის შემდეგ, რომელუ ლუკაკუმ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, შემოტრიალდა და ზუსტად დაარტყა – 1:0

34-ე წუთზე, რუსების მეკარე ანტონ შუნინმა ბურთი ძალიან ცუდად მოიგერია და ტიმოტი კასტანიეს ნაცვლად მოედანზე შესულმა ტომა მუნიემ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 2:0. ის ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც პირველ ტაიმში შეცვლაზე შევიდა და გოლი გაიტანა.

88-ე წუთზე, მუნიეს გადაცემის შემდეგ ლუკაკუმ რუსების კარი კიდევ ერთხელ აიღო.

ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე ევროზე დუბლი შეასრულა. სხვთა შორის, მან თავის კარიერაში რუსებს ერთ მატჩში ორი გოლი მეორედ გაუტანა.

მან ბელგიელთა რიგებში ჩატარებულ 94 მატჩში მეტოქეთა კარი 62-ჯერ აიღო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ბელგიასთან ზედიზედ მესამედ დამარცხდა. რუსებმა 1996 წლის შემდეგ ბელგიელებთან 8 თამაში ჩაატარეს – 6-ჯერ დამარცხდნენ, ხოლო 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

რუსეთი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მასპინძელი ქვეყანაა, რომელმაც 3-ბურთიანი სხვაობით წააგო.