გიორგი შერმადინის საპლეიოფო რეკორდი, MVP-ის მორიგი ტიტული და მოგება “ბარსელონასთან”

0
11

გიორგი შერმადინმა და მისმა “ტენერიფემ” ნავსი გატეხეს. მიმდინარე სეზონში მათ პირველად დაამარცხეს კატალონიური “ბარსელონა” და ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში, რომლის შემდეგ საერთო ანგარიში 1:1 გახდა და საქმე მესამე, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა.
“ტენერიფემ” კატალონური გრანდი 80:68 დაამარცხა და ამ გამარჯვებაში ლომის წილი ქართველ ცენტრს მიუძღვის. შერმადინი ძალიან სარგებლიანი იყო და 27 წუთში 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება ჰქონდა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. აკურატული შედეგიანობის გამო მან სარგებლიანობის 37 მაჩვენებელს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
ესპანური ლიგის ოფიციალურმა საიტმა ცალკე სტატია (და ვიდეო) მიუძღვნა შერმადინის 37 სარგებლიანობას – ეს ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში საუკეთესო მაჩვენებელია. მანამდე 35-ქულიანი სარგებლიანობა 1987 წელს „გრანადას“ კალათბურთელს ედი ფილიპსს ჰქონდა.
შერმადინს ძირითადად ნბა-ს ყოფილი სუპერვარსკვლავ პაუ გასოლის წინააღმდეგ უწევდა თამაში და მისი ასეთი შედეგიანობა ამიტომაცაა დასაფასებელი და გასახარი. გასოლი ის არაა, რაც თუნდაც 5 წლის წინ, თუმცა ის ლეგენდარული მოთამაშეა და ბარსელონამაც ტიტულების მოსაგებად დაიმატა. გასოლმა არასრულ 16 წუთში 15 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც მასპინძელმა ტენერიფელებმა 22:13 მოიგეს და გამარჯვებას მიაღწიეს. სერიის გადამწყვეტი შეხვედრა, რომლის მოგებულიც ესპანეთის ლიგის ფინალში გავა, 11 ივნისს, ბარსელონაში, თბილისის დროით ღამის 12:00 საათზე დაიწება.