ცხადაძემ „დინამოში“ ქულით დაიწყო

0
5

თბილისის „დინამომ“ ახალი მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა.

მე-16 ტურში თბილისელებმა ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლეს და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

უგოლო პირველი ტაიმის მერე, დინამოელებმა ანგარიში 64-ე წუთზე გახსნეს, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა მილან რადინმა ზუსტი პასი ზორან მარუშიჩს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში თავისი მე-8 გოლი გაიტანა.

82-ე წუთზე, ქობულეთელებმა მარჯვენა ფლანგიდან კუთხური შეასრულეს და გელა გოგიტიძის თავურის შემდეგ, მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ „დინამოს“ მცველ დავით კობოურზე ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი დანიშნა.

ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. „დინამომ“ ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო, ხოლო ქობულეთელებმა 3-მატჩიანი მარცხიანი სერიის მერე ქულა აიღეს.

ქუთაისის „ტორპედომ“ “სამტრედიას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.

მატჩის 30-ე წუთზე, სამტრედიელთა ნახევარმცველი თამაზ ცეცხლაძე ჯერ ერთ მცველს გაცდა, ხოლო შემდეგ საჯარიმოში შესულმა გვერდი მეორეს აუარა და მისი დარტყმული ბურთი დინო ჰამზიჩმა მოიგერია, ხოლო ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა ანგარიში გახსნა.

პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 57-ე წუთზე, მეჰდი ბუკასის გადაცემის შემდეგ სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა განელმა სამუელ ინკუმმა ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

„ტორპედომ“ ზედიზედ მე-5 თამაში არ წააგო, ხოლო „სამტრედიამ“ მიჯრით 3 მარცხის მერე, ქულა მოიპოვა.