არგენტინამ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამხრეთ ამერიკის ჯგუფში ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო.
არგენტინელები კოლუმბიას ესტუმრნენ და მე-3 წუთზე კრისტიან რომეროს გოლით დაწინაურდნენ -0:1.
მე-8 წუთზე ლეანდრო პარედესმა სტუმრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა -0:2.
პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა, ხოლო მეორე ტაიმის განახლებიდან 10 წუთში ლუის მურიელმა პენალტიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
კოლუმბიამ ქულა მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მიგელ ბორხას ზუსტი დარტყმის შემდეგ გადაარჩინა. არგენტინელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ შეუცვლელად ითამაშა.
არგენტინა 12 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო კოლუმბია 8 ქულით მეხუთეა.
ისევ ვერ მოიგო ჩილემ, რომელიც ამჯერად შინ ბოლივიას დაუზავდა – 1:1. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 69-ე წუთზე მასპინძლები ერიკ პულგარმა დააწინაურა.
82-ე წუთზე, მარსელო მარტინსმა პენალტი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოუტანა. მარტინსი 6 გოლით მიმდინარე შესარჩევის საუკეთესო ბომბარდირია.
ჩილე 6 ქულით მე-7 პოზიციაზეა, ხოლო ბოლივია 5 ქულით – მერვეა.
პერუმ მსოფლიო 2022-ის შესარჩევში პირველი თამაში მოიგო. ბევრისთვის მოულოდნელად პერუელებმა სტუმრად ეკვადორს 2:1 აჯობეს.
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ. 62-ე წუთზე ანგარიში კრისტან კუევამ გახსნა, ხოლო 88-ეზე ლუის ადვინკულამ სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლებიდან თავი გონსალო პლატამ გამოიჩინა და ეკვადორმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო.
ეკვადორი 9 ქულით ცხრილში მე-3 ადგილზეა, პერუ კი, 4 ქულით ბოლოა.
