ქართველი მსაჯის იშვიათი დუბლი

0
4

2021 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალს ქართველი მსაჯები მოემსახურნენ – მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობა ლევან ვარამაშვილმა და ზაზა ფიფიამ გაუწიეს, მეოთხე მსაჯის მოვალეობა ირაკლი კვირიკაშვილმა შეასრულა.

გერმანიასა და პორტუგალიას შორის გასამართ ფინალამდე უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა მატჩის მთავარი არბიტრის გიორგი ყრუაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. გთავაზობთ სტატიის ქართულ ვერსიას, ორიგინალი კი შეგიძლია იხილოთ ბმულზე.

გიორგი ყრუაშვილი ლიუბლიანაში უკვე მეორედ იმსაჯებს ევროპულ ფინალს. 2011 წელს, სერბულ ნოვი სადში, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში ის ასისტენტის როლში იყო, ამჯერად კი დიდი მატჩის მთავარ არბიტრად დაინიშნა. ეს ყველაფერი 35 წლის ქართველი მსაჯის მრავალმხრივ შესაძლებლობებზე მიუთითებს. „ეს იმას ნიშნავს, რომ მე კარგად ვაცნობიერებ ასისტენტის როლს მსაჯთა ბრიგადაში.“ – ამბობს თბილისელი არბიტრი.

„2013 წელს მე ამპლუა შევიცვალე და მთავარი არბიტრი გავხდი, რამეთუ ახალი გამოწვევა მსურდა. საქართველოს ქვედა ლიგებში მე მანამდეც ვატარებდი მთავარი მსაჯის როლში თამაშებს. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ მოედნის ცენტრში უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს, ვიდრე გვერდით ხაზზე. როგორც ჩანს, გულით მინდოდა მსაჯობა. მართალია, სამსაჯო როლების შეცვლა ჩემთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, თუმცა ბოლო წლებში გაწეული შრომა და წინსვლა ამ ფინალზე დანიშვნით დამიფასდა, რაც ძალიან მიხარია“.

გიორგი ყრუაშვილმა 2015 წელს მოიპოვა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსი. ლიუბლიანას „სტოჟიცეს“ სტადიონზე გამართული ფინალი მის კარიერაში საკვანძო მომენტია.

„რთულია სიტყვებით გამოვხატო ჩემი გრძნობები. ორშაბათს მე ესპანეთსა და ხორვატიას შორის მეოთხედფინალური შეხვედრა ვიმსაჯე და აეროპორტში მისული უკვე ვემზადებოდი საქართველოში დასაბრუნებლად, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ფინალზე დავინიშნე.

ამ მომენტში მე ემოციებით ვიყავი სავსე, მაგრამ ჩემს ირგვლივ ბევრი ხალხი იყო და მაქსიმალურად თავი შევიკავე. ეს ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის. მეამაყება, რომ შესაძლებლობა მომეცა, ასეთი მნიშვნელობის მატჩში წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა“.

კვირას საქართველო ოთხმაგად იამაყებს თავისი მსაჯებით: ფინალში ყრუაშვილს მისი თანამემამულეები – ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, ასევე მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი დაეხმარებიან. „მატჩის დროს ჩვენ ერთი გუნდი ვართ და კოლექტიურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას.“ – ამბობს ყრუაშვილი.

მისივე თქმით, კარგი მსაჯისთვის არ არის საკმარისი ფეხბურთის წესების ცოდნა – ის უნდა გრძნობდეს მოთამაშეებისა და მწვრთნელების ემოციებს. „შენ უნდა შეგეძლოს იმის გაცნობიერება, თუ რას გრძნობენ ისინი კონკრეტულ მომენტებში. მოედანზე მსაჯიც ერთგვარი „მენეჯერია“, რომელიც თავისი ქმედებებით მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სხვადასხვა სიტუაციაზე. შენ მენტალურადაც უნდა იყო ძლიერი, რათა გაუმკლავდე სხვადასხვა ტიპის ადამიანებს.“

ყრუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში მისი სრული ყურადღება საკუთარი საქმის შესრულებას დაეთმობა, მატჩის წინ თავის კოლეგებსა და გუნდებთან ერთად მოედანზე გამოსვლისას თვითონაც შეიგრძნობს იმ განსაკუთრებულ ემოციებს, რომლებიც დიდი ტურნირის ფინალს უკავშირდება. „თუმცა, პირველი სასტვენისთანავე ეს ყველაფერი გადაივლის და მხოლოდ თამაში იქნება მნიშვნელოვანი.“

21-წლამდელთა ფინალი ბევრ პოზიტიურ ემოციას წარმოქმნის  არა მხოლოდ ყრუაშვილისთვის, არამედ მისი ოჯახისთვისაც. საქართველოში თამაშს დიდი ინტერესით უყურებს ყველა ის ადამიანიც, ვინც პრინციპული როლი ითამაშა მის კარიერულ წინსვლაში.

„ეს განსაკუთრებული მომენტია ჩემთვის. მადლობას ვუხდი დამკვირვებლებს, ინსტრუქტორებს, კოლეგებს – ყველას, ვინც მე აქამდე მომიყვანა. მათმა რჩევებმა და გამხნევებამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა წემს წარმატებაში. ამ მატჩის შემდეგ ჩემი მიზანი იქნება ელიტურ დონეზე მსაჯობა, რისთვისაც მე კიდევ უფრო მეტს ვიშრომებ.