ქართულ რაგბს “ბენეფიტსი” დააზღვევს

0
1

საქართველოს რაგბის კავშირსა და სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ამ ეტაპზე შეთანხმება ერთწლიანია, თუმცა მხარეები იმედოვნებენ, რომ პარტნიორობა გრძელვადიანი იქნება. „ბენეფიტსი“ იზრუნებს როგორც ნაკრები გუნდების მოთამაშეებისა და მენეჯმენტის ჯანმრთელობაზე, ასევე მსაჯებზე, ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეებზე, საფესტივალო რაგბში ჩართულ ადამიანებზე და ზოგადად რაგბთან დაკავშირებულ ყველა სუბიექტზე.

ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ, გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო კობახიძემ, ბორჯღალოსანთა ყველა წევრს გადასცა კოვიდ-დაზღვევის სერთიფიკატი, რომლითაც ისინი სამხრეთ აფრიკული ტურნეს დროს ისარგებლებენ, ხოლო რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ალავიძემ კომპანიას ბორჯღალოსნების ხელმოწერებით დამშვენებული სათამაშო ბურთი გადასცა.

ნიკა ალავიძე (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი): „სადაზღვევო პარტნიორის შერჩევა რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო. მადლობა ყველა კომპანიას, ვინც იღებდა ამ პროცესში მონაწილეობას. სტრატეგიული პარტნიორის შერჩევისას უწინდელზე სრულიად განსხვავებული მიდგომა გვქონდა. ეს გადაწყვეტილება მოიცავს ქართულ რაგბში ჩართულ ყველა სუბიექტს. პრიორიტეტი რა თქმა უნდა სანაკრებო სირვცეში მყოფი მორაგბეები არიან და ისინი განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ“.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პაკეტი მოიცავს სარაგბო ფესტივალების პასუხისმგებლობის დაზღვევას, რისი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. ეს უმნიშვნელოვანესია როგორც დამწყები მორაგბეებისთვის, ასევე მათი ოჯახებისათვის, რაც წინგადადგმული ნაბიჯია როგორც რაგბისთვის, ასევე ზოგადად ქართული სპორტისთვის“.

ნინო კობახიძე (გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე): „ხანგრძლივი და რთული პროცესის შემდეგ, გლობალ ბენეფიტ ჯორჯია შეირჩა რაგბის კავშირის მზღვეველად, როგორც სანაკრებო, ასევე მსაჯების, კლუბების და ბავშვთა რაგბის მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით უნიკალური პროდუქტი შევიმუშავეთ, რომლის ანალოგი აქამდე არ არსებობდა. ეს ეხება როგორც სპორტულ ტრავმებს, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს“.

„მოხარული ვართ, რომ რაგბის კავშირის ახალი მენეჯმენტი ასე ზრუნავს საკუთარ გუნდზე და ჩვენის მხრივ მზად ვართ, რომ მათ გვერდში ვიდგეთ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში. დაზღვევა მოიცავს როგორც საერთაშორისო მატჩებს, ასევე შიდა ტურნირებს. გარდა ამისა, ჩვენის მხრივ დაზღვეული იქნება კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველანაირი რისკები, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე მის ფარგლებში“.

ნუცა შამათავა (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი): „რაგბი კონტაქტური სპორტია და მოთამაშეების დაზღვევა უმნიშვნელოვანესია. ეს პაკეტი ექსკლუზიურად ჩვენთვის შეიქმნა და სრულადაა მორგებული მოთამაშეთა კეთილდღეობაზე. მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევა იმოქმედებს როგორც შიდა ტურნირებზე და თამაშებზე, ასევე საერთაშორისო, გასვლით შეხვედრებზეც“.

ნონო ანდღულაძე (მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორი): „ბენეფიტსთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც უმნიშვნელოვანესია მოთამაშეთა კეთილდღეობისთვის და ზოგადად ქართული რაგბისთვის. სადაზღვევო კომპანიას გავუზიარეთ ის პრობლემები, რაც გვაწუხებდა, მივედით შეთანხმებამდე, რომლის მსგავსი აქამდე არასდროს გვქონია. შეიქმნა უნიკალური სადაზღვევო პაკეტი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ბენეფიტის თითოეულ წარმომადგენელს. შეთანხმება ჯერჯერობით ერთწლიანია, ასე ვთქვათ გაცნობითი ხასიათის, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხანგრძლივი იქნება“.