ესპანეთის სუპერთასი საუდის არაბეთში 2029 წლამდე ჩატარდება

0
6

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საუდის არაბეთთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომლის თანახმად ამ ქვეყანაში ესპანეთის სუპერთასის მატჩები 2029 წლის ჩათვლით ჩატარდება.

ძველ ხელშეკრულებას ვადა 2026 წელს ეწურებოდა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მომავალ წლებში 240-დან 320 მილიონ ევრომდე მიიღებს.

ტურნირის მატჩები იანვრის მეორე ან მესამე კვირას ჩაივლის.

2019-2020 წლების სეზონიდან ესპანეთის სუპერთასი „ოთხთა ფინალის“ ფორმატით ტარდება – მინი-ტურნირში ესპანეთის თასის გამარჯვებული და ფინალისტი, ასევე, ესპანეთის ჩემპიონი და ვერცხლის მედლების მფლობელი მონაწილეობენ.

სუპერთასის მოქმედი გამარჯვებული ბილბაოს „ატლეტიკია“, რომელმაც 2021 წლის 17 იანვარს გადამწყვეტ მატჩში „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა.

ესპანეთის სუპერთასის მომდევნო გათამაშებაში მადრიდის „ატლეტიკო“, „რეალი“, „ბარსელონა“ და „ატლეტიკი“ ითამაშებენ.