შენგელიას 14 ქულა, ცსკას მოგება ფინალური სერიის პირველ მატჩში

0
9

თორნიკე შენგელიას ცსკა VTB-ლიგის ფინალურ სერიაში დაწინაურდა. მოსკოვურ გრანდს ტიტულს ყაზანის “უნიკსი” ეცილება, რომელსაც სერიაში მოედნის უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ის პირველსავე მატჩში დაკარგა. ყაზანში გამართული შეხვედრა არმიელების გამარჯვებით – 85:77 დასრულდა.
ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 23 წუთი ითამაშა. შენგელიამ ამ დროში 14 ქულის, 2 მოხსნის, 3 პასისა და ერთი ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. ის მაღალი პროცენტით ისროდა და თამაშიდან 8-დან 6 ბურთის ჩაგდება მოახერხა (6-დან 5 ორქულიანი), საჯარიმოს ხაზიდან კი 6-ჯერ ისროლა და 4-ჯერ ზუსტად.
ცსკა-მ უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, როცა მეტოქეს 11 ქულით გაექცა, მესამე მეოთხედში კი ეს სხვაობა 19-მდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ „უნიქსმა“ ბოლო პერიოდში 11 ქულით მოუგო, სხვაობა მაინც დიდი იყო და თორნიკეს გუნდმა 85:77 მოიგო. მატჩში საუკეთესო 19 ქულითა და 8 მოხსნით კლაიბერნი იყო.
ფინალური სერიის შემდეგი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.