გურამ კაშია: “ბოლო შეხვედრა მოვიგეთ და გვსურს ეს სერია ნიდერლანდებთანაც გავაგრძელოთ”

0
5

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა 5 ივნისს, საფეხბურთო კლუბს ტვენტეს სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 24-მა ფეხბურთელმა მიიღო. ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა ირაკლი აზაროვმა.

ოფიციალური ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.

გურამ კაშია:”ნიდერლანდებში დაბრუნება, რა თქმა უნდა, მახარებს, ამ ქვეყანაში რვა წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვიცი თუ როგორი საფეხბურთო კულტურა აქვთ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ხვალ ასეთ გუნდს დავუპირისპირდებით.

ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია და რა თქმა უნდა, ძალიან მინდა მასში მონაწილეობის მიღება. გუნდში შესანიშნავი განწყობაა, ბოლო შეხვედრა მოვიგეთ და გვსურს ეს სერია ნიდერლანდებთანაც გავაგრძელოთ. ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ამ ქვეყანაში ბევრი სასიამოვნო დღე გავატარეთ, ასევე მომწონდა იქ თამაში. ახლა კი, საქართველოში დავბრუნდი და ფეხბურთის თამაშით კვლავ სიამოვნებას ვიღებ”,

ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ნიდერლანდებისა და საქართველოს ამხანაგურ შეხვედრას ბელგიელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი ერიკ ლამბრეხტსი იქნება, მას ასისტენტობას ჯო დე ვეირდტი და მატიას ჰილაერტი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ნეითან ფერბოომენია. მატჩზე ასევე იმუშავებს ვიდეო რეფერის სისტემა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:​

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია),  ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)