ოთარ კიტეიშვილი: “რუმინეთთან მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან დადებითი ემოციები მოჰყვა”

0
5

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადება განაახლა. 4 ივნისს ვილი სანიოლის გუნდმა ქალაქ ენსხედეში საფეხბურთო კლუბ დე ტუბანტერსის მოედანზე ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი იყო ჩართული. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ირაკლი აზაროვს. გუნდთან ერთადაა საბა კვირკველია, თუმცა ფეხბურთელი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. შეკრებაზე მყოფი სხვა მოთამაშეები ჯანმრთელად არიან და 6 ივნისს გასამართი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.

დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი ეროვნული ნაკრების წევრმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.

​ოთარ კიტეიშვილი: “ეროვნულ ნაკრებში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური. რუმინეთთან მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან დადებითი ემოციები მოყვა. ბოლო წუთამდე დაძაბული შეხვედრა გამოდგა. შესაძლოა ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

რაც შეეხება ნიდერლანდებთან თამაშს, ვფიქრობ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ასეთი დონის მეტოქესთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, ფეხბურთი ვითამაშოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.”

​საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 5 ივნისს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:​

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია),  ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.