2022 წელს ქართულ კალათბურთს 100 წელი შეუსრულდება

0
13

2022 წელი ისტორიული თარიღია – საქართველოში ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი გაიმართება. ჩვენმა ქვეყანამ ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება 2019 წლის 15 ივლისს მიიღო, შეჯიბრება კი 2021 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ევროპის უპირველესი საკალათბურთო ფორუმი ერთი წლით გადაავადა.

და მივიღეთ სიმბოლური დამთხვევა – საქართველო 2022 წელს კალათბურთის 100 წლისთავს აღნიშნავს. ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს ულამაზესი სახეობა 1922 წელს შემოვიდა. თბილისში პირველი საკალათბურთო ფარი ალექსანდრე ჭელიძემ დაამონტაჟა და სწორედ აქედან იწყება ქართული კალათბურთის წელთაღრიცხვა.

დღეს, 2021 წლის 4 ივნისს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წლის 4 ივნისს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია შეიქმნა და ამ ფაქტთან დაკავშირებით ცალკე ამბავს შემოგთავაზებთ. თუმცა, მანამდე, მოკლედ გადავავლოთ თვალი საქართველოში კალათბურთის შემოსვლასა და მისი განვითარების ისტორიას.

„მოსკოვში, „ვსევობუჩის“ სპარტაკიადაზე ქართველმა მძლეოსნებმა ალექსანდრე ჭელიძემ და ალექსანდრე ნებიერიძემ პირველად იხილეს სოკოლნიკის სტადიონზე ბოძზე მიმაგრებული კალათბურთის ფარები და უჩვეულო თამაში“, – ვკითხულობთ გარუნ აკოფოვის წიგნში „ქართული კალათბურთი“.

უკვე გამოცდილმა სპორტსმენებმა კარგად იცოდნენ ქართული ხასიათი, თანამემამულეთა ჟინი, ბურთისადმი სიყვარული და  სამშობლოში დაბრუნებულები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სპორტის ახალ სახეობას ქათველები უმალ აიტაცებდნენ.

ალექსანდრე ჭელიძემ, რომელიც 1922 წელს საქართველოს მუშფაკის ფიზკულტურულ წრეს ხელმძღვანელობდა, სასწავლებელში კალათბურთის დანერგვას მიჰყო ხელი.

მუშფაკის ეზოში, ახლანდელი უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მოეწყო კალათბურთის პირველი მოედანი. იქ დღესაც ნახავთ ხის ფესვებს, რომელზეც მოედნის ერთ-ერთი ფარი იყო მიმაგრებული რგოლით. ერთ წელიწადში სწორედ ამ მოედანზე გაიმართა პირველი ოფიციალური შეხვედრა მუშფაკის ორ გუნდს შორის.

ყველამ, ვისაც სპორტი იზიდავდა, კალათბურთის ბურთი აიღო ხელში. განსაკუთრებით წარმატებულები ტანმოვარჯიშეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც გიორგი ეგნატაშვილის ხელმძღვანელობით იოლად აუღეს ალღო ახალ თამაშს, რომლის დროსაც შესაძლებელი იყო ერთმანეთთან სისწრაფეში, ხტომასა თუ მიზანში ტყორცნაში გაჯიბრება.

იყო ასეთი შემთხვევაც: გიორგი ეგნატაშვილის სახლის გვერდით ბიჭებმა კალათბურთის მოედნის მოწყობა გადაწყვიტეს. მან შეამჩნია, რომ ფართობი არ ჰყოფნიდათ და უყოყმანოდ დაუთმო საკუთარი ბაღის ნაწილი.

1924 წელს თბილისის რკინიგზელთა გუნდი პირველი საერთაშორისო მატჩის გასამართად ბაქოში გაემგზავრა…

1925 წელს თბილისის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა…

1934 წელს ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა („თბილისის“ სახელით გამოდიოდა) პირველად ითამაშა საკავშირო პორველობაზე, რომელიც კიევში გაიმართა. შვიდ გუნდს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.

1935 წელს ქართველებმა ამ შეჯიბრებაში პირველი მედალი მოიგეს – ბრინჯაო.

1934-დან 1937 წლამდე სსრკ-ის ჩემპიონატში რესპუბლიკების ნაკრებები თამაშობდნენ. 1937-დან ნაკრებები კლუბებმა შეცვალა და თბილისის „დინამომ“ პირველად მიიღო მონაწილეობა სსრ კავშირის ჩემპიონატში.

…ასეთია საქართველოში კალათბურთის განვითარების საწყისი „თაიმლაინი“.

მაშინდელი კალათბურთი დღევანდელისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა: ბურთს კალათისკენ ორი ხელით ქვემოდან ესროდნენ, პასს ერთი ხელით გადასცემდნენ. მოედანზე იყო ორი დამცველი, ორი თავდამსხმელი და ერთი ცენტრის მოთამაშე. ყველას თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი და ცდილობდა იქ დარჩენილიყო.

30-იან წლებში გაჩნდა პირველი სპეციალიზებული საკალათბურთო სკოლები, რომელთაგან უპირველესი ვახტანგ ციციშვილის მიერ დაარსებული „სტროიტელის“ საკალათბურთო სკოლა იყო. სწორედ მან თქვა უარი კალათებს შორის  სირბილზე და ყურადღება გაამახვილა ვარჯიშებისას სხვადასხვა ტექნიკური დეტალის დახვეწაზე.

ვიდრე საბჭოეთში კალათბურთი ტემპს კრეფდა, ბალტიისპირეთში ევროპის ჩემპიონატები იმართებოდა:

1935 წელს პირველი ევრობასკეტი შვეიცარიაში გაიმართა. ჩემპიონი ლატვია გახდა.

1937 წელს უკვე ლატვიამ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს. გაიმარჯვა ლიეტუვამ.

1939 წელი: მასპინძელი ლიეტუვა. ოქროს მედალი – ლიეტუვას, ვერცხლისა – ლატვიას.

1941 წელს ევრობასკეტი კვლავ ლიეტუვაში უნდა გამართულიყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ტოკიოს 1940 წლის ოლიმპიადის მსგავსად ევროპის ჩემპიონატიც შეიწირა.

სხვათა შორის, სწორედ 1940 წელს შევიდა ძირეული ცვლილებები კალათბურთის წესებში:

მოედანი შუაზე გაიყო წინა და ზურგის ზონებად. საკუთარ ნახევარზე კალათბურთელს 10 წამზე მეტით არ შეეძლო ბურთის გაჩერება.

თუ მანამდე მოთამაშის შეცვლა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როდესაც დაშავდებოდა, ახალი წესების თანახმად მწვრთნელს შეეძლო ნებისმიერ დროს განეხორციელებინა ცვლილება.

1940 წლიდან საჯარიმოს სტყორცნიდა არა ნებისმიერი მოთამაშე, არამედ დაზარალებული. შემოვიდა წესი, რომლის თანახმად, მოთამაშე ოთხი პერსონალური ფოლის მიღებისთანავე ტოვებდა მოედანს. და რაც ყველაზე მთავარია: მანამდე ყოველი ჩავარდნილი ქულის შემდეგ თამაში მოედნის ცენტრიდან ახლდებოდა – ახალი წესების თანახმად ბურთი ფარქვეშიდან უნდა გამოეტანათ.

მოკლედ, კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ ყველა ღონე იხმარა, თამაშის ტემპი მაქსიმალურად აწეულიყო, რაც ქართველებსა და მათ ხასიათზე იყო ზედგამოჭრილი. მეორე მსოფლიო ომი დასრულდა თუ არა, ჩვენი გუნდები საბჭოეთის ავანგარდში მოექცნენ. ნაკრებს კი მუდმივად ლიდერობდნენ ჯერ ოთარ ქორქია, შემდეგ გურამ მინაშვილი, ზურაბ საკანდელიძე…