შერმადინმა პლეი-ოფი “ბურგოსის” ძლევითა და მატჩის MVP-ის ტიტულით დაიწყო

0
4

ესპანეთის ჩემპიონატის MVP შერმადინმა პლეი ოფი საკადრისად დაიწყო. “ტენერიფე ლენოვომ”, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი იცავს, მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში 86:78 დაამარცხა თად მაკფადენის “ბურგოსი” და ნახევარფინალს მიუახლოვდა.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 22:6 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. მან 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. თად მაკფადენმა, რომელიც სან პაბლო ბურგოსის ღირსებას იცავს, პარკეტზე 9 წუთი გაატარა და შეხვედრა უქულოდ დაასრულა.

გამარჯვებულთაგან შერმადინის კვალზე მარსელინიო ჰუერტასი 15 ქულით, ხოლო ბრუნო ფიტიპალდო 13-ით გამოირჩა. ქართველ ცენტრს ორივე გუნდის შემადგენლობაში სარგებლიანობის ყველაზე მაღალი ინდექსი დაუგროვდა – 24 და ის დამსახურებულად გახდა მატჩის MVP.

მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა. შემდეგი შეხვედრა ბურგოსში 3 ივნისს გაიმართება და თუ სერია გათანაბრდა, მესამე, გადამწყვეტ მატჩს 4 ივნისს ტენერიფე უმასპინძლებს.

“ტენერიფესა” და “ბურგოსს” შორის საუკეთესოს ნახევარფინალურ სერიაში ბარსელონასა და ხუვენტუდს  შორის უმჯობესი შეხვდება. აღნიშნულ სერიას კატალონიელები იგებენ.