კონტე „ტოტენჰემს“ ჩაიბარებს

0
10

ანტონიო კონტე შესაძლოა უახლოეს ხანში ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის ტვიტერში იუწყება.

მხარეებს შორის მოლაპარაკებამ საკმაოდ წინ წაიწია და „ტოტენჰემის“ მესვეურები 51 წლის ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტთან ხანგრძლივი კონტრაქტის დადების საკითხს განიხილავენ.

გარდა ამისა, კლუბის ხელმძღვანელები „ტოტენჰემის“ გეგმებზე, ხელფასზე და მომავალი სეზონის სტარტის წინ შემადგენლობის გაძლიერებაზე მსჯელობენ.

„ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე მას მერე დარჩა, რაც 19 აპრილს თანამდებობიდან ჟოზე მოურინიო დაითხოვეს და გუნდს სეზონი რაიან მეისონმა დაასრულებინა.

კონტემ 2020-2021 წლების სეზონში მილანის „ინტერი“ 11-წლიანი პაუზის შემდეგ გააჩემპიონა და ცოტა ხნის წინ კლუბი დატოვა.

კონტეს გარდა, „ტოტენჰემს“ შესაძლოა ახალი სპორტული დირექტორი ჰყავდეს ფაბიო პარატიჩის სახით, რომელსაც მანამდე ანალოგიური თანამდებობა ტურინის „იუვენტუსში“ ეკავა.

კონტესთვის პრემიერ ლიგაში მუშაობა უცხო არაა, რადგან 2016-2018 წლებში ლონდონის „ჩელსის“ წვრთნიდა, რომელსაც 2017 წელს ჩემპიონობა მოაგებინა, ხოლო 2018-ში – ასოციაციის თასი.