ვილი სანიოლი: “შემიძლია ჩემს ფეხბურთელებს ვენდო და მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა”

0
9

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქში დღეს ჩავიდა და ილიე ოანას სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა.

საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა 24-მა ფეხბურთელმა მიიღო. გურამ გიორბელიძემ კი, რომელიც ეროვნულ ნაკრებს საკლუბო შეხვედრების შემდეგ შეუერთდა, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

ოფიციალური ვარჯიშის დაწყებამდე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა.

ვილი სანიოლი:”ვიცით, რომ რუმინეთი კარგი გუნდია და ხვალ რთული მატჩი გველის. ვფიქრობ, როცა საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ თავის საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრას გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაესწრება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო იქნება. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად შევეცდებით საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.

საკვალიფიკაციო ეტაპი სექტემბერში განახლდება. რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩები ჩვენ საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ფეხბურთელს დავაკვირდეთ, სხვადასხვა ტაქტიკა მოვსინჯოთ, რათა კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს საუკეთესო მდგომარეობაში შევხვდეთ.

საქართველოს არის ქვეყანა, საკუთარი სპეციფიკითა და კულტურით. მე ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, რომ როდესაც მოედანზე არიან ბოლომდე იხარჯებიან. შესაძლოა ისინი მსოფლიოს საუკეთესო ლიგებსა და კლუბებში არ თამაშობენ, მაგრამ მე შემიძლია მათ ვენდო და ჩემთვის ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა”.

რუმინეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 ივნისს ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

​ამხანაგურ შეხვედრას ბერძენი მსაჯები მოემსახურებიან: მთავარი არბიტრი – ტასოს სიდიროპულოსი, პირველი ასისტენტი – პოლიხრონის კოსტარასი, მეორე ასისტენტი – ლაზაროს დიმიტრიადისი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია),  ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)