ლევან კობიაშვილი: “თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, ეტყობა ევროპის ჩემპიონატზე გასვლას არ ვიმსახურებდით. ვიყოთ

0
3

31 მაისს, სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 31-ე ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან წინა ყრილობიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად პრიორიტეტებზე და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მოხსენებისას ლევან კობიაშვილმა ძირითადი აქცენტი ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, ქალთა ფეხბურთზე და ეროვნულ ნაკრებ გუნდებზე გააკეთა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებზე ქართველი მსაჯებისა და საფეხბურთო მენეჯერების საქმიანობს შესახებ. მოხსენების ფარგლებში ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის კომერციულ, სოციალურ და მედია პარტნიორებს.

​სფფ-ის 31-ე ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციამ დამსწრე საზოგადოებას ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია წარუდგინა. დოკუმენტის პრეზენტაცია ქალთა ფეხბურთის მენეჯერმა ქეთევან ყიფიანმა მოახდინა და დაინტერესებულ პირებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სფფ-ის ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დამსწრე საზოგადოების წინაშე ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის სტატისტიკური ანალიზის პრეზენტაცია სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა წარადგინა. პრეზენტაცია ყველა იმ აქტუალურ საკითხს მოიცავდა, რომლის გარშემოც ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს.

სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ​სფფ-ის 31-ე ყრილობას უეფას ნაციონალური ასოციაციების განვითარების დეპარტამენტის მენეჯერი იოსეფ კლიმენტი დაესწრო. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა შეაფასა და ორგანიზაციას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სასტუმრო შერატონში გამართულ ყრილობაზე სფფ-ის წესდებაში ორი ცვლილება დამტკიცდა. ცვლილება შეეხო სფფ-ის წევრობის წესს, ახალი რედაქციის თანახმად ფეხბურთის ფედერაციის წევრობა მხოლოდ კერძო სუბიექტებს შეეძლებათ. ასევე შეიცვალა აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევის წესი. კომიტეტის წევრთა რაოდენობა უცვლელი დარჩა, თუმცა განახლებული რედაქციით აუცილებელია არჩეულ 10 წევრს შორის არანაკლებ ერთი ქალი იყოს.

31-ე ყრილობაზე ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო სპორტულ ჟურნალისტს დემიკო ლოლაძეს გადაეცა.

დღევანდელ ყრილობაზე გამართული კენჭისყრის თანახმად სფფ-ის წევრის სტატუსი შიდა ქართლის რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციას და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას მიენიჭათ.

ასოცირებულ წევრად კი, მიღებულ იქნენ 7X7 ფეხბურთის ასოციაცია და საფეხბურთო კლუბი “თელავი”. ყველა სუბიექტმა სფფ-ის გენერალურ სამდივნოში საჭირო დოკუმენტაცია წინასწარ დააფიქსირა, რომელიც აღმასკომის მიერ იქნა ინიცირებული და ყრილობაზე წარდგენილი.

სფფ-ს წევრობის სურვილი საფეხბურთო კლუბებ „საბურთალოსაც” ჰქონდა, მაგრამ ყრილობამ ეს საკითხი არ განიხილა. საქმე ისაა, რომ აღამასკომის დადგენილებით კლუბის მოთხოვნაზე ყრილობა იმ მ შემთხვევაში იმსჯელებდა თუ საბურთალოელებს ფეხბურთის ფედერაციის მიმართა დავალიანება არ ექნებოდათ. თუმცა, თბილისურმა კლუბმა ეს მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა.  

ზემო აღნიშნული საკითხების გარდა, 31-ე ყრილობაზე სფფ-ის 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და დებულების თანახმად დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.

ლევან კობიაშვილი: „რამდენიმე მიმართულებაა, რომელიც უნდა შევაფასოთ. უპირველესად, ჩვენი ფუტსალის ნაკრების მიღწევა უნდა ვახსენო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ეს იყო მიზანმიმართული წარმატება და ამ სახეობაში ჩართულმა ადამიანებმა საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. ვთქვით, რომ ფუტსალში გვქონდა პოტენციალი და საბოლოოდ, შედეგიც მოვიდა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება – 2023 წელს საქართველო ვეროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, ხოლო ფინალი ბათუმში გაიმართება. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფეხბურთისთვის, არამედ ქვეყნისთვის.

ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად ვილი სანიოლი დავნიშნეთ და მჯერა, რომ ის წარმატებით იმუშავებს. მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით. არ მჯერა შემთხვევითობის – ალბათ, ვერ გავაკეთეთ რაღაც კარგად და ეტყობა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას არ ვიმსახურებდით.

თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, რა მოხდა, რატომ ვერ გავედით და რა შეცდომა დავუშვით. ასეთი მიდგომა უფრო გაგვაძლიერებს. თუ არ ვთქვით, რატომ ვერ მივაღწიეთ შედეგს, წინ ვერ წავალთ. ანალოგიური მოხდა ფუტსალშიც, მაგრამ სწორი ანალიზი გაკეთდა და გუნდმა შემდეგი შანსი გამოიყენა. მჯერა, ასეთივე შანსი ფეხბურთშიც გვექნება და ის დღე დადგება, როდესაც ჩვენი ეროვნული გუნდით გავიხარებთ.

საქართველოში ფინალამდე იმდენად დიდ ემოციებში ვიყავი, რომ სტადიონისკენ მიმავალ გზაზე სამჯერ ვიტირე. ნაკრების ავტობუსს 50 000-მდე ადამიანი აცილებდა, ასე მივედით სტადიონამდე. ეს მარცხი ამის გამო უფრო დასანანია.

ქართველები კიდევ უფრო განვითარდებიან, უფრო თავდაუზოგავად ითამაშებენ, ეს თვისება აქვთ, მაგრამ დისციპლინა აკლდათ და ვცდილობდით დისციპლინის დანერგვას. ფაქტია, რომ ესპანეთს ვძლიეთ, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან პრობლემა შეგვექმნა, ჩანდა, რომ საკუთარი ძალის ბოლომდე არ სჯეროდათ, იქ მუშაობა ადვილი არაა.

შევეხები სახელმწიფოს დაფინანსებასაც. ჩვენ ხედვაა, რომ ფედერაციებმა და მათ შორის ჩვენ, თანხები თავად უნდა მოვიზიდოთ. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. სახელმწიფოს დაფინანსება გვჭირდება, მაგრამ სხვა მიმართულებით – ინფრასტრუქტურით, მეტი მოედნით, მეტი სტადიონით, და სახელმწიფო ამ კუთხით უნდა გვეხმარებოდეს. ეს დღესაც კეთდება, მაგრამ უფრო მეტს ვისურვებდით.

გასულ წელს ქალთა ფეხბურთში „ლანჩხუთმა“ გაგვახარა და დღეს 2000-მდე გოგონა თამაშობს. 5 წლის წინ სულ 100 მოთამაშე იყო. ჩვენ მათ გვერდით ყოველთვის დავუდგებით და ქალთა ფეხბურთის სტრატეგია შეიქმნა.

ჩვენს ფეხბურთში მსაჯის პროფესია განსაკუთრებით რთულია, უკმაყოფილების საგანი ხშირად ხდება, თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა,  რომ ეს  ურთულესი საქმეა, ალბათ, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე რთულიც კი.

ზოგადად, ნამდვილად არ მომწონს ის დამოკიდებულება, რომელიც დღეს, მსაჯების მიმართ არსებობს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ კუთხით დიდი წარმატება გვაქვს. თუნდაც ის, რომ ჩვენი არბიტრები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე და ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო, სანაკრებო ტურნირებზე მსაჯობენ. არ არსებობს სფერო, სადაც გარკვეული პრობლემები არ არის, რა თქმა უნდა, პრობლემები ამ სფეროშიცაა, თუმცა ამ ადამიანებს გვერდში დგომა და დახმარება სჭირდებათ. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება ყველგან, სამსაჯო სფეროში.

ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ VAR ტექნოლოგიის საკითხის ირგვლივ მუშაობა. VAR ტყუილად არავის მოუფიქრებია. ეს ზუსტად ის ტექნოლოგიაა, რომელიც მსაჯებს ნაკლები შეცდომის დაშვებაში ეხმარება.

გვინდა, რომ შეცდომები საერთოდ არ იყოს, თუმცა დღევანდელ ფეხბურთში ეს გამორიცხულია. აქედან გამომდინარე დავანონსეთ და VAR სისტემასთან დაკავშირებით უკვე ვაწარმოებთ ძალიან დიდ სამუშაოს, რაც ჩვენს ჩემპიონატში სულ მასე გამოჩნდება. ეს ინოვაცია ჩვენს ჩემპიონატს სჭირდება”.

ფრიდონ ინჯია: “მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ლევანმა დაგვამშვიდა, მე მაინც ფეხბურთის დაფინანსების თემაზე ვილაპარაკებ, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამ პროგრამის განხორციელებამ ბევრი კლუბი გადაარჩინა. მეშინია, ისე არ წავიდეს საქმე, რომ ფეხბურთს რაღაც დააკლდეს. პანდემიამ და ლარის ინფლაციამ კლუბების ხარჯები გაზარდა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ქალბატონ თეა წულუკიანს ვთხოვოთ, ეს საკითხი დროულად გადაწყდეს. ქვეყნის ახალი ბიუჯეტის ფორმირება ახლა მიმდინარეობს. თუ სახელმწიფო პროგრამა არ გაგრძელდება, ჩვენი კლუბები უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდებიან და ფეხბურთს ძალიან მძიმე დღეები დაუდგებათ“.

მიხეილ ყაველაშვილი: “ბატონმა ფრიდონმა ფეხბურთის განვითარების ფონდის საკითხი წამოჭრა. მას განვითარების ფონდი ერქვა, მაგრამ უფრო გადარჩენის ფონდის როლი შეასრულა – რომ არ ყოფილიყო ფონდი, შესაძლოა, ჩემპიონატი ჩაშლილიყო. სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან, მმართველ ძალასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან აუცილებლად მექნება კონსულტაციები. მნიშვნელოვანია, ფონდი საქმიანობას როგორ გააგრძელებს.

კლუბების განვითარების სტრატეგია აუცილებელია. ამ კუთხით, მიმაჩნია, რომ პროფესიული ფეხბურთის ლიგა გვჭირდება, რაც ყველა წამყვან ქვეყანაში არსებობს და ამ საქმეში უცხოელი სპეციალისტები ჩავრთოთ, რომ ამ კონკრეტულ ვითარებაში განვვითარდეთ. საქართველოს სჭირდება პროფესიული გუნდები და არა მუდმივად ბიუჯეტზე დამოკიდებული კლუბები. სხვაგვარად მათი განვითარება ძალიან გაჭირდება. წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს შემუშავებული პროექტი, როგორ ვაპირებთ კლუბების განვითარებას და როგორ გაგრძელდეს ფონდის საქმიანობა. ამაში მზად ვარ, ინტენსიური მონაწილეობა მივიღო”.

დავით მუჯირი: “საქართველომ ახალგაზრდული ევრო 2023-ის მასპინძლობის უფლება რუმინეთთან ერთად მოიპოვა. თამაშები თბილისში, ბათუმსა და ფოთში გაიმართება, ფინალი – ბათუმში. ეს ტურნირი ინფრასტრუქტურის განვითარებას ხელს შეუწყობს. შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია უკვე დავიწყეთ, რადგან საქართველოს ნაკრების გარდა, კიდევ 7 ნაკრები ჩამოვა, რომლებსაც ერთი თვის განმავლობაში სრულფასოვანი სავარჯიშო პროცესის ჩასატარებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურა დასჭირდებათ.

ჩავატარეთ აგრონომების, ექიმების და კლუბების მენეჯერების კურსებიც, სადაც ეროვნული ლიგების გუნდების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ლიცენზირების პროცესში კი პრო-ლიცენზიიდან დაწყებული C ლიცენზიამდე ჩავედით. მნიშვნელოვანია მსაჯთა აკადემიის მუშაობა, რადგან უპრეცედენტოდ ბევრი თამაში იმართება, ამას კი შესაბამისად, მეტი მსაჯიც სჭირდება.

სფფ-მ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა – უმრავლესობა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის და მისი საერთაშორისო პარტნიორების, ფიფა-ს და უეფა-ს დახმარებით განხორციელდა. რუსთავის, ლაგოდეხის, გვიმბალაურის და რუხის აკადემიებს ქუთაისის აკადემიაც დაემატება და საქართველოში 5 საფეხბურთო აკადემია გვექნება.

8 სტადიონზე დავაგეთ ბუნებრივი მოედნის საფარი – ქუთაისში, ბოლნისში, საჩხერეში, წყალტუბოში, სამტრედიაში, ფოთში, ქობულეთსა და თბილისში, თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში. კასპსა და გურიაში, გვიმბალაურში აშენებული სტადიონები კი სახელმწიფოსა და ფედერაციის თანამშრომლობის მაგალითია.

აშენდა ბათუმის სტადიონი, რაჭაში არაჩვეულებრივი სტადიონი, მარტვილში შესანიშნავი კომპლექსი, ხაშურში სტადიონის მშენებლობა მალე დასრულდება, საგარეჯოში „გარეჯი“ უკვე თამაშობს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ფეხბურთში ინფრასტრუქტურის საჭიროების როლს კარგად აცნობიერებს.

ახლა სამი პროექტი ხორციელდება – დიდ დიღომსა და ნუცუბიძის პლატოზე საფეხბურთო ცენტრების მშენებლობა. თბილისში ხუთი ცენტრი გვექნება. ნუცუბიძეზე 7/7-ზე ფეხბურთში სტადიონიც გაკეთდება და ტურნირებს იქ ჩავატარებთ. ახალი ინფრასტრუქტურით ფეხბურთში მოვარჯიშეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ვარკეთილის მაგალითზე გეტყვით – 2019 წელს 171 ბავშვი ვარჯიშობდა, მოედნების გახსნის შემდეგ კი – 591.“

ქეთი ყიფიანი (ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი): „ქალთა ფეხბურთის განვითარება 2015 წლიდან სფფ-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მას შემდეგ რეგულარულად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი, ფედერაციამ არაერთი მიზნობრივი პროექტი განახორციელა, რეგისტრირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა 120-დან 1624-მდე გაიზარდა. უკვე გვყავს 16 გუნდი, 5 მწვრთნელი, რომელთაგანაც ერთი პროლიცენზიას გადის. ასევე გვყავს 11 ქალი მსაჯი. წელს ჩემპიონატი პირველად ტარდება ორ ლიგაში. ჩვენი მიზანია, რომ ქალთა ფეხბურთი გოგონებში ნომერ პირველ სახეობად გადავაქციოთ.

ეს ოთხწლიანი პროექტია და 7 მიმართულებას მოიცავს. მნიშვნელოვანია, გოგონები მაქსიმალურად პატარა ასაკიდან ჩაერთონ. შესაბამისად, სფფ იწყებს ორ ახალ პროექტს – პირველი არის „პლეიმიექერსი“, რომელიც უეფა-ს და დისნეის ერთობლივი პროექტია და ფეხბურთში 5-დან 8 წლამდე ასაკის გოგონების ჩართულობას ითვალისწინებს. მეორეა „ფეხბურთი სკოლებში“, რომელიც საჯარო სკოლებში 10 წლიდან ბიჭების და გოგონების ფეხბურთში ჩართულობას გულისხმობს.

ამ პროექტით მოხდება ტალანტების აღმოჩენა და განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ლიგის და ეროვნული ნაკრებების განვითარებასაც. ვარჯიშების უმრავლესობა ფედერაციის კუთვნილ სტადიონზე მოხდება. ჩვენი მიზანია, რომ 2024 წლისთვის გვყავდეს მინიმუმ 4000 მოთამაშე, 20 კვალიფიციური მწვრთნელი, მსაჯი და ამდენივე გუნდი”.