7-კაცა | ლიეტუვა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოში მოემზადა

0
15

ლიეტუვას 7-კაცა ნაკრებმა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, საქართველოში წინასატურნირო შეკრება გამართა და ადგილობრივ კლუბებთან ამხანაგური მატჩები ჩაატარა.

„რაგბი პლატოზე“ ლიეტუვას 7-კაცა ნაკრები ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. მის წინააღმდეგ “იუნკერებმა” და “ლოკომოტივმა” ითამაშეს, რომელსაც საქართველოს რეგიონალური ლიგის გამარჯვებული “ბორჯომის” მოთამაშეებიც ჰყავდა დამატებული.

„საქართველოში შეკრებაზე ლიეტუვას 7-კაცა ნაკრები იმყოფებოდა. მათ თამაშების გამართვა სურდათ, მოხდა შიდა ჩემპიონატში მოთამაშე კლუბების რესურსის მობილიზება და ჩავატარეთ ოთხთა ტურნირი.

როგორც აღმოჩნდა, ლიეტუვა 7-კაცაში კარგადაა გაწაფული და მოთამაშეებიც საჭირო უნარებს მაღალ დონეზე ფლობენ. ისინი ფიზიკურადაც კარგად იყვნენ მომზადებული, ყავდათ არგენტინელი მოთამაშეც“ – განაცხადა რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის წევრმა და ‘იუნკერების’ სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნოზაძემ.

ის ამბობს, რომ მსგავსი საერთაშორისო თამაშები და ტურნირები მოთამაშეთა განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია:

„კარგი იქნება ასეთი საერთაშორისო დონის თამაშები ხშირი თუ იქნება. ლიეტუვამ რეგულაციებისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მაინც მოახერხა ჩამოსვლა. როდესაც სიტუაცია დალაგდება, კარგი იქნება ასეთი გუნდების მოწვევა, რადგან მოთამაშეებს მიეცემათ საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის ფასდაუდებელი საშუალება, რაც მათ დიდ გამოცდილებას შესძენს.

ლიეტუვა და სხვა მეორე დონის გუნდები, სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან კარგად არიან განვითარებულები 7-კაცა რაგბში და მათთან ხშირი თამაში აუცილებლად იქნება დადებითი შედეგის მომტანი“.

რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი ნიკა ალავიძე მსგავს აქტივობას აფასებს როგორც შესაძლებლობას, რაგბი დაეხმაროს ქვეყანას ტურიზმის აღდგენასა და ეკონომიკის განვითარებაში:

„რაგბი მთელი ქვეყნის მონაპოვარია და ის შედეგები, რასაც ჩვენი ნაკრებები აჩვენებენ უფრო მასშტაბურად უნდა გამოვიყენოთ, არა მხოლოდ სპორტული მიმართულებით, არამედ ხელი შევუწყოთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის აღდგენას და ეკონომიკის გაჯანსაღებას. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებში.

ერთ-ერთი ასეთი კარგი თანამშრომლობის ნაწილია ლიეტუვის 7-კაცა ნაკრების სტუმრობა, რომელიც დაახლოებით 30-კაციანი დელეგაციით გვეწვია. ისინი აქტიურად ეცნობიან ჩვენს ინფრასტრუქტურას და რაც სასიამოვნოა, გამართეს მეგობრული ტურნირი ქართულ კლუბებთან. ეს ხელს უწყობს როგორც მეგობრობის განმტკიცებას, ასევე სპორტულ განვითარებას. აგვისტოში ვგეგმავთ სასიამოვნო სიურპრიზებს ამ მიმართულებით, რაც რაგბის კავშირის ახალი მენეჯმენტის გეგმაზომიერი მუშაობის შედეგია“.