ზიდანის მესამე წასვლა „რეალიდან“ და დაკარგული 42 მილიონი

0
31

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ესპანური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება:

„ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თავისი ამჟამინდელი ყოფნის პერიოდი დაესრულებინა.

დადგა დრო მისი გადაწყვეტილება მივიღოთ და მადლობა გადავუხადოთ გამოვლენილი პროფესიონალიზმის, თავდადების და ჟინისთვის  ამ წლების განმავლობაში. ასევე, იმისთვის თუ რას წარმოადგენს ის „რეალისთვის“.

ზიდანი „რეალის“ ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდაა და ეს სცილდება იმ ჩარჩოებს, რომ იგი ჩვენი კლუბის მწვრთნელი და მოთამაშე იყო.

მან იცის, რომ მადრიდიზმის გულშია და რომ „რეალ მადრიდი“ მისი სახლია და ყოველთვის იქნება“.

აღსანიშნავია, რომ ფრანგნა სპეციალისტმა „რეალი“ თავისი ინიციატივით დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა.

ზიდანი „რეალს“ პირველად 2016-2018 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზ ზედიზედ 3-ჯერ მოიგო. ასევე მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში, და ესპანეთის სუპერთასზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, მან გუნდს 2-ჯერ უეფას ევროპის სუპერთასი მოაპოვებინა და ამდენჯერვე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში გაამარჯვებინა.

ზიდანი „რეალში“ 2019 წელს დაბრუნდა და გასულ სეზონში მადრიდელებს ლა ლიგაში გამარჯვებინა.

წელს „რეალი“ ტიტულების გარეშე დარჩა, რაც ბოლო 11 წლის მანძილზე პირველად მოხდა.

სხვათა შორის, ზიდანი „რეალიდან“ 2-ჯერ როგორც მწვრთნელი წავიდა, ხოლო ერთხელ როგორც ფეხბურთელი და სამივე შემთხვევაში მას კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება ჰქონდა. მან ამის გამო 42 მილიონი ევრო დაკარგა.

„ზიზუ“ 2006 წლის აპრილში „რეალიდან“ წავიდა, რადგან კარიერა დაასრულა და 6 მილიონი ევრო დაკარგა, რადგან კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებდა.

მწვრთნელი რანგში მან „რეალი“ პირველად 2018 წლის 31 მაისს დატოვა და 24 მილიონი ევრო ვერ მიიღო, არადა, კლუბთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა.

მწვრთნელის თანამდებობის მეორედ დატოვების დროს ფრანგს „რეალთან“ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკაშირებდა და 12 მილიონი ევროს გარეშე დარჩა.