„ვილიარეალის“ პირველი ტიტული არსებობის ისტორიაში, ემერის რეკორდი

0
4

პოლონეთის ქალაქ გდანსკში გამართული ევროპა ლიგის ფინალში „ვილიარეალმა“ პენალტების სერიაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. „ვილიარეალიდან“ 29-ე წუთზე ანგარიში ხერარდ მორენომ გახსნა, ხოლო 55-ე წუთზე საპასუხო გოლი ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გაიტანა.

მორენომ აწ უკვე დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირზე ესპანური გუნდის მაისურით 30 გოლი გაიტანა. მანამდე, ბოლო ვინც “ვილიარეალში” ერთი სეზონის მანძილზე 30 ან მეტი ბურთი შეაგდო, იტალიელი ჯიზეპე როსი იყო, რომელმა 2010-2011 წლების სეზონში მეტოქეთა კარი 32-ჯერ აიღო.

34 წლის ურუგვაელი მანჩესტერელთა ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროთასის ფინალში გოლი გაიტანა.

გუნდებმა 11-11 პენალტი დაარტყეს და „ვილიარეალმა“ 11:10 გაიმარჯვა. ესპანელებიდან მე-11 თერთმეტმეტრიანი მეკარე ხერონიმო რულიმ გაიტანა, ხოლო მანჩესტერელთა კარის დარაკმა დევიდ დე ხეამ თავისი შანსი ვერ გამოიყენა – რულიმ ბურთი მოიგერია. მანამდე, ამდენი პენალტი ევროთასების ისტორიაში არცერთ ფინალში შესრულებულა.

„ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი პირველია, რომელმაც ევროპა ლიგა 4-ჯერ მოიგო. ესპანელმა სპეციალისტმა მანამდე „სევილიასთან“ ერთად რანგით მეორე ევროპულ ტურნირში ზედიზედ 3-ჯერ გაიმარჯვა.

მან იტალიელი ჯოვანი ტრაპატონის გაასწრო, რომლის გაწვრთნილმა გუნდებმა უეფას თასზე (ევროპა ლიგის წინამორბედი ტურნირი) 3-ჯერ გაიმარჯვეს.

ემერის სულ კარიერაში 11 ტიტული აქვს მოპოვებული და მათგან 10 სათასოა.

ესპანურმა კლუბებმა ევროპა ლიგის/უეფას თასი სულ 13-ჯერ მოიპოვეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო ინგლისურმა – 9-ჯერ. აქვე გეტყვით, რომ 6-ჯერ ევროპა ლიგაში „სევილიამ“ გაიმარჯვა.

“ვილიარეალი” ევროპა ლიგის/უეფას თასის ისტორიაში მე-6 კლუბია, რომელმაც ტურნირი ისე მოიგო, რომ ფინალისკენ მიმავალ გზაზე არცერთხელ დამარცხებულა.

მანამდე, ეს “ტოტენჰემმა” (1971-1972), მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” (1978-1979), ორჯერ “გიოტებორგმა” (1981-1982, 1986-1987), “აიაქსმა” (1991-1992) და “ჩელსიმ” (2018-2019) მოახერხეს.

მომავალ სეზონში “ვილიარელი” როგორც ევროპა ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ამრიგად, ესპანეთს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 5 წარმომადგენელი ეყოლება.