თბილისის “დინამოს” კახა ცხადაძე გაწვრთნის

0
0

საფეხბურთო კლუბ თბილსისის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ნემსაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა და სპორტული მენეჯერის პოზიციაზე იმუშავებს.

გუნდს საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსთავკაცი კახა ცხადაძე (2015-2016) გაუძღვება, რომელიც “დინამოში” 2005-2006 წლების სეზონში მუშაობდა.

52 წლის ცხადაძე ბოლო წლები ყაზახეთში მუშაობდა – 2016-2017 წლებში “ქაირათს” წვრთნიდა, ხოლო 2018-2020 წლებში შიმკენტის “ორდაბასის”.

ცხადაძე 2001-2002 წლებში თბილისის “ლოკომოტივის” მოთამაშე-მწვრთნელი იყო. ის 2006-2007 წლების სეზონის მეორე ნახევარში ბოლნისის “სიონს” ავარჯიშებდა. 2009 წელს სათავეში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ჩაუდგა, მაგრამ რამდენიმე თვეში ბაქოს “ინტერს” მიაშურა, სადაც 2015 წლამდე დარჩა.

მან “დინამოსთან” ერთად საქართველოს ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. ცხადაძის გაწვრთნილმა “სიონმა” საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედლები მოიპოვა.

ქართველმა სპეციალისტმა “ინტერს” აზერბაიჯანის ჩემპიონატში გაამარჯვებინა და დსთ-ს თასზე იპირველა.

მან “ქაირათის” თავკაცის რანგში ყაზახეთის სუპერთასი მოიპოვა.