“რუსთავი” სუპერლიგის ჩემპიონია

0
5

რუსთავის საკალათბურთო კლუბი 11-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ საქართველოს ჩემპიონია. ანატოლი ბოისას მთავარი მწვრთნელობით, რომელსაც ასისტენტობას მიხეილ ბერუაშვილი და ზურა მაჭავარიანი უწევდნენ, ქვემოქართლურმა გუნდმა ფინალური სერიის მე-3 მატჩიც მოუგო “ცხუმ-აფხაზეთს” 94:88 (სტატისტიკა)  და 2010 წლის შემდეგ პირველად, სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.

„რუსთავის“ კაპიტან ლევან ცეკვავას საჩემპიონო თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გადასცეს.

“რუსთავის” თავკაცი ანატოლი ბოისა 2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

ანატოლი ბოისას ცნობილი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცა.

სუპერლიგის ფინალური მატჩის დაჯილდოების ცერემონიალზე ცნობილი გახდა 2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე – MVP.

ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის მსაჯთა კოლეგიამ და სუპერლიგის მატჩების კომისრებმა მიიღეს, რუსთავის გუნდის მოთამაშემ, მაიკლ დევისმა გაიმარჯვა.

მაიკლ დევისს MVP-ის თასი საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის თავჯდომარემ ლაშა გამყრელიძემ გადასცა.

2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის გამორჩეულ ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა თბილისის „დინამოს“ მოთამაშე ლუკა ბულაშვილი, რომელსაც გადაეცა გელა დარსაძის სახელობის თასი. ლუკა ბულაშვილი გელა დარსაძის მეუღლემ, ნინო ადამიამ დააჯილდოვა.

2020-2021 წლების სეზონის საკალათბურთო სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ საკალათბურთო კლუბ „ვერას“ წევრი, ლუკა მაზიაშვილი დასახელდა, რომელსაც ზვიად მიქაძის სახელობის თასი გადაეცა. ლუკა მაზიაშვილი ზვიად მიქაძის შვილებმა, სალომემ და იოანამ დააჯილდოვეს.