კვალიარელას მე-500 და სერია A-ს ფორვარდთა ხუთეული

0
6

იტალიის სერია A-ს ბოლო 38-ე ტურში „სამპდორიამ“ თავის მოედანზე „პარმა“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა თავდამსხმელ ფაბიო კვალიარელასთვის განვლილი შეხვედრა იტალიის უმაღლეს დივიზიონში მე-500 აღმოჩნდა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა.

კვალიარელა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მე-5 ფორვარდია, რომელმაც სერია A-ში 500 ან მეტი თამაში ჩაატარა.

ამ მაჩვენებლით ფრანჩესკო ტოტი 619) ლიდერობს, ხოლო შემდეგ რობერტო მანჩინი (541), სილვიო პიოლა (537) და ალბერტო ჯილარდინო (514) მოდიან.

მან კარიერა „ტორინოში“ დაიწყო. იტალიის ჩემპიონატში კვალიარელას დებიუტი 2000 წლის 14 მაისს შედგა, როდესაც ის 17 წლის იყო. მან პირველი გოლი 2005 წლის 21 დეკემბერს „ტრევიზოს“ კარში გაიტანა.

კვალიარელა „ტორინოს“ შემდეგ „ასკოლიში“, „უდინეზეში“, „ნაპოლიში“ და „იუვენტუსში“ გამოდიოდა, ხოლო ახლა „სამპდორიაშია“.

38 წლის ფეხბურთელმა განვლილ 500 შეხვედრაში 177 გოლი გაიტანა და 50 საგოლე პასი გააკეთა.