მაკფადენის 24 ქულა “ესტუდიანტესთან” და MVP-ის ტიტული

0
4

თად მაკფადენი იმ მატჩის MVP გახდა, რომელშიც მისმა “ბურგოსმა” “ესტუდიანტესი” 88:82 დაამარცხა. შეხვედრა მადრიდში გაიმართა, სადაც სტუმრები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული მოთამაშის წინამძღოლობით იმარჯვეს.

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში იყო და 27:17 წუთში 24 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თადმა 7-დან 3 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს, სერბ დეიან კრავიცთან ერთად, სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

სან პაბლო ბურგოსმა 21 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. ამგვარად, თუკი არაფერი შეიცვალა, ბურგოსელები ლიგა ენდესას პლეი ოფში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფეს შეხვდებიან. ქართველი ცენტრის კლუბი 35 მატჩში 27 გამარჯვებით მე-3 საფეხურზეა და რეგულარული პირველობის ბოლო ტურში, დღეს, ბარსელონას ეთამაშება.