შენგელიას 27 ქულის მიუხედავად ცსკა “ზენიტთან” 2 ოვერტაიმში დამარცხდა

0
6

თორნიკე შენგელიას დიდებული თამაშის მიუხედავად, მოსკოვის ცსკა VTB-ლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” დამარცხდა და საერთო ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

ქართველმა ფორვარდმა მოსკოვური კარიერის უმეტესი – 27 ქულა ჩააგდო და ყველაზე მთავარი, მან ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წამით ადრე გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, თუმცა არმიელები საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.

“ის გმირია, როგორც არ უნდა მორჩეს ეს მატჩი”, – აღნიშნა კომენტატორმა შენგელიას შესახებ, როცა ქართველმა ჰაერივით საჭირო სამქულიანი ჩააგდო. პირველი ოვერტაიმი ფრედ დასრულდა, მეორე კი ზენიტმა სამი ქულით მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

შენგელიამ მოედანზე 44:48 წუთი გაატარა, რა დროშიც 27 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. თორნიკეს ერთხელ დაუფარეს, სამჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი წესები 6-ჯერ დაარღვიეს.

ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 სამქულიანი, 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო სროლა გამოიყენა და თავის გუნდში ქულებით მხოლოდ ამერიკელ უილ კლაიბერნს (28) ჩამორჩა, სარგებლიანობის კოეფიციენტით კი საუკეთესო იყო – 32.

შეგახსენებთ, რომ 3 მოგებამდე განგრძობადი ნახევარფინალური სერიის პირველ დაპირისპირებაში ცსკა-მ 78:73 მოიგო, ხოლო მესამე და მეოთხე მატჩები მოსკოვის უნივერსალურ სპორტკომპლექსში, შესაბამისად – 22 და 24 მაისს გაიმართება.