ვილი სანიოლი: “მარტში ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ”

0
6

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2 ივნისს რუმინეთის, ხოლო 6 ივნისს ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. სანიოლის შეგირდები ორივე თამაშს სტუმრად ჩაატარებენ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის შეკრების წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ამიერიდან საქართველოში იცხოვრებს.
„შესარჩევი ეტაპის საწყის სამ შეხვედრაში შესაძლებელი იყო მეტი ქულის მოპოვება, თუმცა, ამ თამაშებიდან დავინახეთ, რომ წინ ნაბიჯები კიდევ გადასადგმელი გვაქვს, მაგრამ სასურველი შედეგისგან შორს არ ვართ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ გუნდურად, ყველამ ერთად, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, რომელიც მარტში ვაჩვენეთ და გამოჩნდა, რომ შეგვიძლია ნებისმიერ მეტოქესთან თამაში. ბათუმში საშინაო თამაშები? ვიყავი ბათუმში და მართლაც შესანიშნავი სტადიონია არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი. განსხვავდება დიდი და პატარა სტადიონი, მაგრამ მთავარი ქომაგების მხარდაჭერაა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, კოსოვოსთან განსაკუთრებული გარემო იქნება, მაგრამ მანამდე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებზე ვფიქრობთ, რომელსაც რუმინეთთან და ნიდერლანდებთან გავმართავთ.
სერგო კუხიანიძე? ნამდვილად განსხვავდება იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც ამ პოზიციაზე განიხილებიან. გამოვიძახეთ, რათა დავინახოთ, რაში შეიძლება მოუმატოს და მივცეთ შანსი. არ აქვს მნიშვნელობა 3-4 წლის წინ ვინ როგორ თამაშობდა, მთავარია, დღევანდელი დღე და მზად ვარ ნაკრებში შანსი ყველას მივცე, ვინც იმსახურებს. საქართველოს ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მას კარგი უნარები და რესურსი აქვს, მაგრამ ზოგადად, ნაკრებში ფეხბურთელი 100%-ით მზად უნდა ჩამოდიოდეს და ბოლომდე იხარჯებოდეს. ვფიქრობ, რომ მან ეს წინა შეკრებაზე გააკეთა, მაგრამ ფიზიკურად არ იყო იდეალურ ფორმაში და თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკური კონდიციების გარეშე თამაში ძნელია. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ, ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და ეს ძალიან კარგია კონკურენციისთვის.
დიახ, ამიერიდან თბილისში ვიცხოვრებ და მხოლოდ ნაკრების მატჩებისთვის არ ჩამოვალ. ეს გადაწყვეტილება ასისტენტთან ერთად მივიღე და აქ ვიცხოვრებთ, რადგან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ უკეთ გავიცნო ქვეყანა, ხალხი და აქაური კულტურა.
საქართველოს ეროვნულ ლიგაზე მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ ამ ფორმატში საუბარი ძნელია. მე მზად ვარ, ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან, კლუბში მომუშავე ხალხთან დიალოგისთვის და ვფიქრობ ეს შესაძლებელი იქნება. თანამედროვე ფეხბურთში ფიტნესი და ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, მომდევნო წლებში ამ მხრივ ვითარება უკეთესობისკენ შეიძლება. მზად ვარ, დავეხმარო მათ, გავიაროთ კონსულტაციები და პრობლემები გარკვეულწილად მოგვარდეს.
ხვიჩა კვარაცხელიას საინტერესო სეზონი ჰქონდა, რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ სერიოზული დაზიანება არ იყო და სანაკრებო მატჩებისთვის ჩვენთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადება. გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით განსხვავებული სიტუაციაა, მას მძიმე ტრავმა ჰქონდა და მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, სარეაბილიტაციო კურსი დაასრულოს და შემდეგ აუცილებლად იქნება ჩვენთან ერთად. კანკავას მცირე ტრავმა აქვს და არ გვსურდა გაგვერისკა, რადგან სექტემბრის თამაშებში აუცილებლად გვჭირდება. მის არყოფნაში გუნდს გურამ კაშია უკაპიტნებს, რადგან მარტში დავინახე, რომ გუნდს ორი ძალიან კარგი ლიდერ ჰყავს ჯაბას და გურამის სახით, მაგრამ არ ვიცი ითამაშებს თუ არა კაშია ორივე ამხანაგურ შეხვედრაში.

გია გრიგალავამ ეროვნული ნაკრების შეკრება ესპანეთთან გამართული შეხვედრის შემდეგ დატოვა. მე მას ვესაუბრე და იგი უკმაყოფილო იყო სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფნის გამო. ეროვნული ნაკრები ის ადგილია, სადაც როგორც სასტარტო, ისე სათადარიგო შემადგენლობაში ყოფნა უნდა დაიმსახურო. როდესაც კლუბში ხარ, შენი ყოველდღიური მიზანი და მოტივაცია ეროვნულ ნაკრებში თამაში უნდა იყოს. რადგან ეს ქვეყნის სიამაყეა. საუბრის შემდეგ ყველაფერი ცხადი იყო. ჩვენ გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც სრულად ეროვნულ ნაკრებზე არიან კონცენტრირებული და სხვა არაფერზე.

ამ ამხანაგური მატჩებისას, გიორგი მაკარიძე ჩვენთან არ იქნება, რადგან ამ ეტაპზე ფოკუსირებულია საკუთარ კლუბზე, ისინი დიდი გამოწვევის წინაშე არიან, რადგან ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან და მას მხარდაჭერას ვუცხადებთ. შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ უახლოეს მატჩებში ერთ შეხვედრას აუცილებლად ითამაშებს ლაზარე კუპატაძე. ის მაღალ დონეზე ასპარეზობს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, რუმინეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარში სწორედ ლაზარე კუპატაძე იდგება. რაც შეეხება მეორე მატჩს, ჩვენთან ერთად იქნებიან გიორგი ლორია და გიორგი მამარდაშვილი, ვნახოთ, რომელი მათგანი იასპარეზებს ნიდერლანდების წინააღმდეგ.

წინ ორი ამხანაგური თამაში გველოდება, ტაქტიკაზე ვერ ვისაუბრებ, ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ შანსს მივცემთ იმ მოთამაშეებს, რომლებსაც მარტში არ უთამაშიათ. როდესაც ფეხბურთს თამაშობ, რა თქმა უნდა, მოგება გსურს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უახლოეს მატჩებში წარმატების მისაღწევად. ამასთანავე ამხანაგური თამაშები გაძლევს გარკვეულ შესაძლებლობას გამოსცადო ახალი ფეხბურთელები. მინდა აღვნიშნო, რომ გადატვირთული და სტრესული სეზონის გამო, ივნისი ნამდვილად არაა საუკეთესო დრო კარგი თამაშის საჩვენებლად.

ჩემი მიზანია, რომ ფეხბურთელებს მარტის თამაშების მსგავსად ახლაც იგივე შემართება და ძლიერი დისციპლინა ჰქონდეთ. მათ დასვენებამდე ორი ამხანაგური მატჩი ელოდებათ. ჩვენი მთავარი მიზანი სექტემბრის მატჩებისთვის მომზადებაა, რომელიც კოსოვოს და ესპანეთის წინააღმდეგ გველოდება. ვთვლი, რომ მარტში გამართული შეხვედრებით ვაჩვენეთ, რომ მეტი ქულის აღება შეგვიძლია. ვთვლი, რომ სწორი გზით მივდივართ და ამ ნაკრებს საკუთარი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენის კარგი რესურსი აქვს. გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთში თამაშობს, თუმცა პირველ გუნდში საჭირო რაოდენობით თამაშები არ ჰქონდა. ვთვლი, რომ ლევანტეს მეორე გუნდსა და საქართველოს ნაკრებს შორის დიდი სხვაობაა. ის ახალგაზრდა მოთამაშეა და მასზე დაკვირვებას გავაგრძელებთ, ვთვლი, რომ მას აქვს იმის რესურსი, რომ მომავალში საქართველოს ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი. ამისთვის საჭიროა, მან მაღალ დონეზე სტაბილურად ითამაშოს.

რაც შეეხება გიორგი მამუჩაშვილს, მე მისი თამაში გასულ კვირასაც ვნახე, ის ახალგაზრდაა,  რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს. მას ვაკვირდებით, თუმცა ამ ეტაპზე მისი ნაკრებში გამოძახება ნაადრევია. ვფიქრობ, მას აქვს ის ხარისხი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ აუცილებელია.

გიორგი ბერიძესთან ერთად მარტის თამაშებისას ვიმუშავე და მისი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. გიორგი განსაკუთრებით კარგად შვედეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჩაერთო. მოგეხსენებათ, რომ ამხანაგური მატჩები სწორედ იმისთვის არის, რომ ახალი მოთამაშეები გამოვცადოთ. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბერიძე უახლოეს შეხვედრებში ჩვენთან ერთად არ იქნება. მე მსურს, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი ვნახო შეკრებაზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ უახლოეს შეკრებაზე ზურიკო დავითაშვილის გამოძახება, მას დავაკვირდები როგორც სავარჯიშო, ისე სათამაშო პროცესში“ – განაცხადა ვილი სანიოლმა.