ბითაძის კარიერის საუკეთესო მატჩი ნბა-ში: 14 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება 18 წუთში

0
8

გოგა ბითაძემ ნბა-ს კარიერის განმავლობაში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ამისთვის მას მხოლოდ 18:42 წუთი დასჭირდა. ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა ახალი ფორმატის ეგიდით ჩატარებულ მატჩში გამოიჩინა თავი, რომელში წაგებაც ინდიანასთვის სეზონის დასრულებას ნიშნავდა.
ნბა-ს პლეი ოფში პირდაპირი გზით თითო კონფერენციის 6-6 საუკეთესო გუნდი გავიდა. კონფერენციებში 7, 8, 9 და 10 ადგილებზე გასული გუნდები კი საკვალიფიკაციო რაუნდს თამაშობენ პლეი ოფში დარჩენილი 2 ადგილის შესავსებად. ახალი ფორმატის თანახმად, 7 და 8 ადგილებზე გასულ გუნდებს შორის გამარჯვებული პლეი ოფში პირდაპირ გადის, ხოლო წაგებული პლეი ოფის ბოლო საგზურისთვის 9 და 10 ადგილებზე გასულებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ინდიანამ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილი დაიკავა და პირველ საკვალიფიკაციო მატჩში მე-10-ზე გასულ შარლოტ ჰორნეტსს შეხვდა და 144:117 გაანადგურა. სწორედ ამ შეხვედრაში დააფიქსირა ბითაძემ ნბა-ს კარიერის საუკეთესო შედეგი. ქართველმა ცენტრმა 14 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება, თითო პასი და ჩაჭრა ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს.
14 ქულა ბითაძის პირადი რეკორდის გამეორებაა ნბა-ში. პირველად მან 14 ქულა გასულ აპრილს, მინესოტასთან მოგებულ მატჩში მიითვალა. რაც შეეხება ორმაგ დუბლს, ქართველმა ცენტრმა ამერიკულ კარიერაში მეორედ გამოსახა 2 სტატისტიკური მაჩვენებელი ორნიშნა ციფრით. პირველად ეს მან თავის მე-3 საკარიერო მატჩში, 2019 წლის 2 ნოემბერს, კლივლენდთან 102:95 მოგებულ მატჩში მოახერხა, როცა 25 წუთში 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გოგამ პირველად მიაღწია 10-მოხსნიან ბარიერს.

კარიერაში კი მან ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ორნიშნა ციფრით მესამედ გამოსახა. დღევანდელ მატჩში ბითაძემ მეორე პერიოდში არასრული 7 წუთი ითამაშა, ხოლო ბოლო პერიოდშიbმთელი 12 წუთი იმყოფებოდა მოედანზე. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მან მეორე პერიოდში ლამელო ბოლსა და მალიქ მანკს დაუფარა, ხოლო მეოთხეში – ნიკ რიჩარდსს.
ინდიანაში საუკეთესო შედეგი დომანტას საბონისმა დააფიქსირა, რომელმაც ბითაძის მსგავსად 14 ქულა, თუმცა 21 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. ბომბარდირი 23 ქულით ოში ბრისე გახდა, 21 ქულა დაგ მაკდერმოტმა მოაგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ინდიანელთა ძირითადი ცენტრი, მაილს ტერნერი ტრავმირებულია, ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა.
ინდიანას პლეი ოფამდე 1 ნაბიჯი დარჩა. ხვალ ბითაძის გუნდი ვაშინგტონს ხვდება, რომელმაც საკვალიფიკაციო მატჩი ბოსტონთან წააგო. ბოსტონი პლეი ოფში გავიდა, ხოლო ვაშინგტონი პლეი ოფში გასასვლელად ინდიანას 20 მაისს დაუპირისპირდება.