„ვერდერს“ ლეგენდა დაუბრუნდა

0
6

თომას შააფი ბრემენის „ვერდერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნდა.

60 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ფლორიან კოფელდტი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან 16 მაისს დაითხოვეს.

შააფი „ვერდერს“ 1999-2013 წლებში ხელმძღვანელობდა და 2003-2004 წლების სეზონში გუნდს ბუნდესლიგის ოქროს მედლებთან ერთად, გერმანიის თასი მოაგებინა.

შააფის ხელმძღვანელობით „ვერდერი“ 2008-2009 წლების სეზონში უეფას თასის ბოლო გათამაშების ფინალში გავიდა, სადაც დონეცკის „შახტართან“ დამარცხდა.

„გვიხარია, რომ თომასმა ეს გადაწყვეტილება კლუბისთვის არასტაბილურ ვითარებაში მიიღო. იმედია, რომ მისი გამოცდილების წყალობით მოთამაშეები სეზონის ბოლო თამაშისთვის საფუძვლიანად მოემზადებიან“ – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ბუნდესლიგის ბოლო ტურის წინ, „ვერდერი“ 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.

თუ 34-ე ტურის შემდეგ, ბრემენელები იმავე პოზიციას შეინარჩუნებენ, მაშინ ბუნდესლიგაში დასარჩენად ბრძოლა პლეი-აუტში მოუწევთ.