„ტორპედომ“ „დილა“ დაამარცხა, „სამგურალმა“ „შუქურას“ აჯობა

0
10

ქუთაისის „ტორპედომ“, რომელსაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტურამდე გამარჯვება არ ჰქონდა, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

ამჯერად, შოთა ბაბუნაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გათამაშების ლიდერი გორის „დილა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 49-ე წუთზე „ტორპედოს“ შეტევის დროს, ბელარუსი  დმიტრი რეკიშმა გორელთა საჯარიმოში პალესტინელი ფადი ზიდანი მოძებნა, რომელმაც მარცხენა ფეხით დაარტყა და ბურთი ვიდრე კარის ბადეში აღმოჩნდებოდა, ფეხზე სტუმართა მცველ დავით მაისაშვილს შეეხო.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ტორპედომ“ მორიგი 3 ქულა აიღო. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე მასპინძლების მეკარე დინო ჰამზიჩმა გორელი ალეფ სანტოსის დარტყმის მერე, თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა „დილამ“ მიჯრით მეორე მატჩი წააგო, ხოლო ბოლო 4 თამაშიდან არცერთი მოუგია – 2 ფრე და 2 მარცხი.

“დილა” 22 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა, ხოლო “ტორპედო” 13 ქულით მერვეა.

ქუთაისელთა მსგავსად ზედიზედ მეორედ 3 ქულა აიღო წყალტუბოს „სამგურალმა“, რომელმაც შინ ქობულეთის „შუქურას“ აჯობა.

სოსო ფრუიძის შეგირდებმა სატურნირო ცხრილში უშუალო მეზობელი ქობულეთის „შუქურა“ მიიღეს და 1:0 სძლიეს.

მატჩის მე-8 წუთზე მეკარის პასის შემდეგ გურამ გურეშიძემ თავის საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი დაკარგა, რითაც კარგად ისარგებლა სერგო კუხიანიძემ და ზუსტად დაარტყა – 1:0.

მსაჯის საფინალო სასტვენამდე ანგარიში არ შეცვლილა და „სამგურალმა“ წაუგებელი სერია სამ თამაშამდე გაზარდა – 2 გამარჯვება და 1 ფრე.

თავის მხრივ, „შუქურამ“ ბოლო 4 თამაშიდან 2 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

“სამგურალი” 19 ქულით მეხუთეა, “შუქურა” კი, 14 ქულით მეშვიდეა.