გრაცის „შტურმმა“, სადაც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაინაღდა.
გრაცელებმა შინ ვენის „რაპიდი“ 4:1 დაამარცხეს და თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმაც შეიტანა.
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მე-60 წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ანგარიში გაათანაბრა.
79-ე წუთზე, როცა „შტურმი“ 2:1 იგებდა, კიტეიშვილის პასით კუენმა ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა.
მიმდინარე სეზონში ქართველმა 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, რაც ავსტრიაში გადასვლის შემდეგ მისი საუკეთესო შედეგია.
„შტურმს“ პირველ ექვსეულში 33 ქულით მე-3 ადგილი უკავია და ბოლო ტურში თუ სტუმრად „ვოლსფერგერს“ დაამარცხებს, ხოლო „რაპიდი“ ლასკ-თან ქულებს დაკარგავს, გრაცელები მე-2 ადგილთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.
